კოკა კობალაძის დედა შს მინისტრს: „სამართალმა იზეიმა“

0

კოკა კობალაძის დედა შს მინისტრს, გიორგი გახარიას მადლობას უხდის. როგორც „კვირას“ თათია დავითულიანმა განუცხადა, მან მინისტრის განცხადება ტელევიზიის საშუალებით მოისმინა, რაც მისთვის მოულოდნელი იყო.
„როგორც ჩანს, ბატონი გიორგი გახარია პირადად დაინტერესდა ჩვენ ოჯახში მომხდარი ფაქტით. არ ველოდი ნამდვილად სამინისტროსგან ასეთ დროულ რეაგირებას. მართლაც, ძალიან კარგია, რომ დაისჯებიან არა მხოლოდ რიგითი პოლიციელები, არამედ მათი ხელმძღვანელებიც, რაც მიჩენს იმედს, რომ პოლიციელების ასეთი ქმედება აღარ განმეორდება და შს მინისტრის მკაცრი რეაქცია იქნება სხვებისთვის მაგალითი.
გარდა მათი სამსახურიდან გათავისუფლებისა, გიორგი გახარიას უდიდესი იმედი მაქვს, რომ ეს პოლიციელები ჩადენილი დანაშაულისთვის დაისჯებიან და როგორც იქნა, გამიჩნდა იმის იმედი, რომ სამართალმა მართლა იზეიმა“, – განუცხადა „კვირას“ თათია დავითულიანმა.
მისი თქმით, კოკა კობალაძე საავადმყოფოდან გამოწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 20 წლის კოკა კობალაძე ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. მას სახეზე ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. კოკა კობალაძის ინფორმაციით, მასთან სახლში პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ის სცემეს. დღეს, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ მსგავსი საქციელის ჩამდენი პოლიციელების ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არის.
მინისტრის განმარტებით, გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი დათხოვილი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.

კომენტარები

კომენტარი