მალხაზ კობაურის გარდა, ანალოგიური საშვით ახალგორის მოსახლეობის 70 პროცენტი სარგებლობს

0

სმიტების ოჯახის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ახალგორში შესვლის ერთჯერად საშვს, რომელიც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. „კვირა“ ამ საკითხით დაინტერსდა და დუშეთის გამგებელს, ნუგზარ თინიკაშვილს დაუკავშირდა.
აღმოჩნდა, რომ ერთჯერადი საშვზე, რომელიც მალხაზ კობაურის ახალგორში გადასვლას ადასტურებს, წარწერა რუსულ ენაზეა შესრულებული. ანალოგიური საშვით ახალგორის მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტი სარგებლობს. ფაქტობრივად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მალხაზ კობაურმა ამერიკული ოჯახის მკვლელობა რუსეთის დაკვეთით ჩაიდინა, აბსურდია.
„ეს არის ახალგორში შესვლის ე.წ. საშვი (“პროპუსკი”), რომლითაც სარგებლობს მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტი. ეს საშვი 2014 წელს შეცვალეს, მანამდე იყო ე.წ. „ფორმა 9“. მაშინაც და ახლაც, ამ „პროპუსკებს“ რუსული წარწერა ჰქონდა და ზედ „კგბ“ ეწერა. ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, სახელი შეეცვალა. სწორედ ამ საშვით სარგებლობს ახალგორიდან დევნილი მოსახლეობა, რომ ახალგორში ერთჯერადად შევიდნენ და გამოვიდნენ“, – განუცხადა „კვირას“ ნუგზარ თინიკაშვილმა.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ანალოგიურ მოსაზრებას სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილიც აქვეყნებს.
„6.500 ზე მეტ ადამიანს აქვს მასეთი დოკუმენტი. ყველა, ვისაც აქ აქვს ჩაწერა, შეუძლია, აიღოს. ამ საშვის გარეშე, აქ არავის უშვებენ. საშვს აძლევენ 4 წლის ასაკიდან“, – წერს თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.
ფაქტია, რომ მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორელია და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დევნილის სტატუსით სარგებლობს. 2008 წლის ომის შემდეგ, კობაურები მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში დასახლდნენ.
შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი