მამუკა ბახტაძე: ხორავას საქმეზე “ქართულმა ოცნებამ” ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ დემოკრატიას, შექმნა საგამოძიებო კომისია, რომლისგანაც ველოდებით შედეგებს

0

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხორავას ქუჩის ტრაგედიამ გააჩინა კითხვები და ის პასუხები, რომელიც საზოგადოებამ მიიღო, საკმარისი არ აღმოჩნდა.

“ქართულმა ოცნებამ” ისე, როგორც ეს შეეფერება ნამდვილ დემოკრატიას, შექმნა საგამოძიებო კომისია, რომლისგანაც ჩვენ ველოდებით შედეგებს, რასაც ეს კომისია დადებს”,-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე, რომელმაც გამოიწვია ორი ახალგაზრდის სიკვდილი, დამდგარი შედეგები საზოგადოებისთვის საკმარისი არ იყო და საქმეში დამატებითი ჭეშმარიტების შეტანის მიზნით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

“შესაბამისად, მე, როგორც რიგითი მოქალაქე და არა მხოლოდდ როგორც პრემიერ-მინისტრი, ველოდები საგამოძიებო კომისიის შედეგებს. “ქართულმა ოცნებამ”, როგორც მმართველმა ძალამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნას. ჩემს მოსაზრებას კი არ გეუბნებით, ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე ვსაუბრობ, რაც პირველად ხდება საქართველოს და ჩვენი დემოკრატიის ისტორიაში, მე ვსაუბრობ ფაქტზე და არა მხოლოდ მოსაზრებაზე. ვფიქრობ, ამაში არის განსხვავება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვაზე კი მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ირაკლი შოთაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რაც დემოკრკატიის მაღალ ხარისხს შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი