მაკა ასათიანის ადვოკატები “საერთაშორისო გამჭვირვალობას” დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

0

ტელეკომპანია “მაესტროს” მეწილის, მაკა ასათიანის ადვოკატები “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვაში არსებული დავა შპს „აკას“ ყოფილ პარტნიორს, დავით ძოწენიძეს და ასათიანების ოჯახს შორის „კორუფციის რისკების სასამართლო სისტემაში“, ერთ-ერთ ასეთ კატეგორიის საქმედაა მოხსენიებული.

“კვირა” აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 5 ივლისს გამოაქვეყნა დასკვნა „კორუფციის რისკების სასამართლო სისტემაში“, სადაც ერთ-ერთ ასეთი კატეგორიის საქმედ, მოხსენიებულია ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვაში არსებული დავა შპს „აკას“ ყოფილ პარტნიორს დავით ძოწენიძეს და ასათიანების ოჯახს შორის.

კვლევის თანახმად, ასეთი შეფასება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, უკვე დასრულებული საქმის წარმოების თითქოსდა დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო განახლებას მოჰყვა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით.

ასეთი დასკვნა, ჩვენი ღრმა რწმენით, რომელიც კიდევ უფრო დაგვიდასტურდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, განპირობებულია 2 შესაძლო მიზეზით: ეს ან კონკრეტული დაკვეთის შესრულებაა ან საქმე გვაქვს კვლევის საგნის ზედაპირულ შესწავლასთან, მხოლოდ ერთი მხარის (ამ შემთხვევაში დავით ძოწენიძის) მიერ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მეორე მხარესთან ამ ინფორმაციის გადამოწმების გარეშე.

ბუნებრივია, რომ კორუფციის შესახებ უსაფუძვლო ბრალდება მძიმე შეურაცხყოფაა, რაც ისედაც რეაგირებას საჭიროებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი განსაკუთრებული შეშფოთება შეფასებების და მოვლენების იმ საეჭვო თანხვედრამ გამოიწვია, რასაც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი:

კერძოდ, მას შემდეგ, რაც საქმის წარმოების განახლების შემდეგ დავით ძოწენიძემ წააგო დავა, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებში მისი სარჩელის აშკარა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო (სადავო ფაქტიდან სარჩელის წარდგენამდე გასულია 12 წელი), საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას დ. ძოწენიძის მხარემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სწორედ საქმის წარმოების განახლების განჩინების უსაფუძვლობაზე და საკასაციო საჩივრის ფარგლებში მოითხოვა შესაბამისი, კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება, რაზედაც მას უკვე შეტანილი ჰქონდა კერძო საჩივარი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა.

კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხილვებისას, აქცენტი კეთდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე, რომელთა სრულიად არასწორი ინტერპრეტირებით, მხარე ცდილობს როგორმე მიაღწიოს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაყვანას ე.წ. „წინმსწრებ“ განჩინებათა კატეგორიაში და ასეთი ფორმით მის რევიზიას.

შესაბამისად, ამ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს დასრულებული აქვს საქმის განხილვა და გასულია გადაწყვეტილების გამოსატანად, დასკვნის გამოქვეყნება ამ საქმის კორუფციული რისკების შესახებ, პრაქტიკულად დ. ძოწენიძის მოსაზრებების იდენტური დასკვნებით, აღქმული უნდა იქნეს, როგორც სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობაში პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით მონაწილეობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ექსპერტებთან დახურული შეხვედრის შემდეგ, როცა მათ თვალნათლივ დავანახეთ, თუ რამდენად აშკარა იყო საქმის წარმოების განახლების აუცილებლობა ჩვენს მიერ ახალი მტკიცებულების (ოქმის დედნის) წარდგენის შემდეგ, რომელიც ნამდვილად არ იყო საქმეში მისი თავდაპირველი განხილვისას და რაზეც ხაზგასმით და პირდაპირ არის კიდეც მსჯელობა სასამართლოს განჩინებაშიც, გვქონდა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ დაუყოვნებლივ იქნებოდა უარყოფილი ზემოაღნიშნული დასკვნა, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე არ მომხდარა.

ამდენად, უახლოეს პერიოდში სარჩელით მივმართავთ სასამართლოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წინააღმდეგ, ღირსებისა და რეპუტაციის უსაფუძვლოდ შელახვის გამო.

ამავდროულად, მაკა ასათიანი დაიწყებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციას, რომ საქმის კურსში ჩააყენოს ისინი მომხდართან დაკავშირებით და მოითხოვოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საქმიანობის შესწავლა”,-ნათქვამია ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი