“სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შესანიშნავი კანდიდატი იქნება, გინდ გამოცდილებითა და ბიოგრაფიით, გინდ რეალური ევროპულობით”

„სალომე ზურაბიშვილი შესანიშნავი კანდიდატურაა, გინდ პოლიტიკური გამოცდილებითა და ბიოგრაფიით, გინდ თავისი რეალური ევროპულობით“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც საპარლამენტო კულუარებში არსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი შესაძლოა არ წარადგინოს და საკუთარ ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს.

მეორე მხრივ, როგორც რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ რამდენადაც ზურაბიშვილი „შესანიშნავი კანდიდატურაა“, რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს ის პირადი რეიტინგის მოპოვებას სხვა კანდიდატებთან შედარებით.

„შესანიშნავი კანდიდატურაა ქალბატონი სალომე, გინდ პოლიტიკური გამოცდილებითა და ბიოგრაფიით, გინდ თავისი რეალური ევროპულობით. ერთადერთი პრობლემა, რაც ამ კონტექსტში დგება, გახლავთ ის, მოახერხებს თუ არა ქალბატონი სალომე რეიტინგის მოპოვებას სხვა კანდიდატებთან შედარებით. დიდი შანსია, რომ ბრძოლაში შემოვიდნენ უპარტიო ფიგურები, მაგალითად, როგორიცაა ელისაშვილი და ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირად რეიტინგს. რთული სათქმელია, აქვს თუ არა ეს რეიტინგი მას. ზურაბიშვილი ბევრმა იცის, მაგრამ იგი პოპულისტობაზე არასოდეს მიდის. არ არის პოპულისტი, დაღვინებული პოლიტიკოსია და ძალიან წარმომადგენლობითი იქნება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მეორე მხრივ, საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით,“ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი შესაძლოა არ წარადგინოს და საკუთარ ამომრჩევლებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში განიხილება, თუმცა თავად სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ ფორმით გახდა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, როცა “ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში კანდიდატი არ დააყენა და მხარდაჭერა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ზურაბიშვილს გამოუცხადა.

ამომრჩეველი ახალ პრეზიდენტს ოქტომბერში აირჩევს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები