სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ხვალ, ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

0

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ხვალ, ბათუმში, სასტუმროში „ ვინდემ ბათუმი – Wyndham Batumi“ დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმი 14:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, დასაქმების ფორუმზე 35-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით ჩაერთვება. კერძო სექტორი ფორუმზე თავისუფალ სამუშაო ადგილებს მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დასაქმების ფორუმის მიზანია: ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა; დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დროის მცირე მონაკვეთში, დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების უშუალო კომუნიკაციის უზრუნველყოფა. დასაქმების ფორუმის ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს, პერსონალურ მობილურ ნომერზე, უკვე გაუგზავნა საინფორმაციო, მოკლე ტექსტური შეტყობინება ბათუმის ფორუმის შესახებ. სააგენტომ ორგანიზება გაუწია დასაქმების ფორუმში მსხვილი და საშუალო დამსაქმებლების დასწრებას. ფორუმის მსვლელობისას მოხდება ყველა იმ მოქალაქის რეგისტრაცია დასაქმების პორტალზე, ვინც ამ დრომდე worknet.gov.ge-ზე არ დარეგისტრირებულა. დღეის მდგომარეობით, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი ხორციელდება. მეორე ეტაპი – შემოდგომაზე დაიწყება და დასრულებისთანავე სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური, მასშტაბური დასაქმების ფორუმი უკვე თელავშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი