სამგორის რაიონის ბაგა-ბაღების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

0

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, სამგორში მდებარე საჯარო ბაგა-ბაღების  პედაგოგებსა და პერსონალს  უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.  აქცია თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გაიმართა, სადაც ბაგა-ბაღების 130-მდე თანამშრომელს სხვადასხვა პროფილის ექიმებმა  კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიეს.

გიორგი ტყემალაძემ ჰოსპიტალის ექიმებსა და მენეჯმენტს  აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის მათი  დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამწუხაროდ, მოსახლეობა  ხშირად სწორედ ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში დახმარების მიზნით მომმართავს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ აქცია ჩაგვეტარებინა, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმები  მოსახლეობას კომპლექსურ სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებდა. დღევანდელი აქცია სამგორის რაიონში მდებარე ბაგა-ბაღების პედაგოგებისა და პერსონალისთვის გაიმართა. მსგავსი აქციები, საჭიროებისამებრ, მომავალშიც ჩატარდება“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

აქცია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მისი პრეზიდენტის, ქეთევან ბარათელის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი