ლევან გოგიჩაიშვილი: შალვა თადუმაძე არის პრინციპული, კარგი ადამიანი და ადამიანი, რომელიც კანონს სცემს პატივს

შალვა თადუმაძე არის პრინციპული, კარგი ადამიანი და ადამიანი, რომელიც კანონს სცემს პატივს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, წლებია იცნობს თადუმაძეს და მისთვის მთავარი პროკურორის რანგში თადუმაძე მისაღები კანდიდატია.

ლევან გოგიჩაიშვილი პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პირადი პოზიციების დაფიქსირება პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის უფლებაა, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში კი კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესებულ მხარეებს მიმართავს, რომ თუ მათ არ მოსწონთ არსებული კანონი, რომლითაც ხდება მთავარი პროკურორის შერჩევა, სამომავლოდ შეუძლიათ აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელონ. „მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევაში კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამ კანონით ვხელმძღვანელობთ რამდენიმე წელია. პირადი სიმპათიები ეს არის პრეზიდენტის და მათი ადმინისტრაციის თავისუფლება. შესაბამისად, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ აზრი გამოხატონ. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ და მომავალი პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით გავმართოთ კონსულტაციები. ბატონ შალვას დიდი ხანია ვიცნობ, მას იმ პერიოდიდან ვიცნობ, როდესაც მე ვიყავი პატიმრობაში და ის იყო ჩემი მეგობრების ადვოკატი. შალვა თადუმაძე არის პრინციპული, კარგი ადამიანი და ადამიანი, რომელიც კანონს სცემს პატივს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი, როდესაც ასე ხასიათდება მთავარი პროკურორი. მისთვის მთავარია სახელმწიფოს ინტერესი, კანონის უზენაესობა და ადამიანების უფლებების დაცვა, რომლებიც მოექცევიან სისხლის სამართლებრივი დევნის არეალში”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები