„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ შშმ ბავშვთა მშობლებისათვის შეღავათების დაწესების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების კეთილდღეობის ხელშეწყობისკენაა მიმართული.
ინიციატივის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მშობლის, ასევე, მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე.
აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის თავმჯდომარე – ბიძინა გეგიძე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – ზაზა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„შეხვედრაზე მოვიწვიეთ სწორედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე. შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელეთ ამ სფეროში არსებულ არაერთ პრობლემაზე, რომელთა შორის მწვავედ დგას მატერიალური სიდუხჭირეც. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა მიმართულია სწორედ ამ პრობლემის წინაშე არსებული ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რათა შევძლოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის უკეთესი გარემოს შექმნა“ – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
ზაზა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებისგან მოდის.
„ჩვენ აღნიშნული იდეა მოგვაწოდა ააიპ „მშობელთა საინფორმაციო ცენტრმა“, სადაც საქმიანობენ სწორედ ამ პრობლემის წინაშე მდგარი მშობლები, რომლებსაც ყველაზე უკეთ იციან თავიანთი შვილების საჭიროებები. შესაბამისად, გადავწყვიტეთ დავინტერესებულიყავით ამ საკითხით და აქტიურად ჩავრთულიყავით სამუშაო პროცესში, რასაც მოჰყვა დიდი დაინტერესება არასამთავრობო სექტორის მხრიდან“. – აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრების განცხადებით, კანონპროექტის პირველად ვერსია უკვე მზადაა და იგეგმება შეხვედრების გაგრძელება უკვე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ყოველივე აღნიშნულის შემდგომ კი მოხდება მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები