„ყველა კვლევა ადასტურებს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი არის ავტოტრანსპორტი, შემდეგ მშენებლობები“

0

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის ე.წ. კორექტირებული კვლევა, რომელიც გვახარეს, რომ ძალიან კარგია, სამწუხაროდ, ასახავს საკმაოდ საგანგაშო ტენდენციას იმ თვალსაზრისით, რომ პირველ რიგში ჰაერით გამოწვეული ავადობების მხრივ არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა სადღაც 101 ადამიანზეა ლაპარაკი წელიწადში, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარემ, მანანა ქოჩლაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტოს საგანგაშო მონაცემები, რომ შეწონილი ნაწილაკების და აზოტის ჟანგეულების შემცველობა ჰაერში ხშირად აჭარბებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას, ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმებს. ამას სჭირდება გარკვეული პოლიტიკური პასუხი და ამ პასუხს ჩვენ, სამწუხაროდ, ან ვერ ვხედავთ, ან იმდენად დაგვიანებულია, რომ დროში ვერ ეწევა“- განაცხადა ქოჩლაძემ.
მისი თქმით, მთავარ გამოწვევად ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერის დაბინძურება რჩება.
„ყველა კვლევა ადასტურებს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ავტოტრანსპორტი, შემდეგ მშენებლობები და რეგიონებში გავქვს საწარმოო-ინდუსტრიული ზონები, აქ უკვე სხვა დამაბინძურებლებიც იზომება, მაგალითად მანგანუმი ჭიათურაში“- განაცხადა ქოჩლაძემ.
მისივე თქმით, ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერებამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში.
ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 70-ე ადგილზეა, – ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.
„გასულ წელს, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მე-4 ადგილზე მოხვდა, რაც არაზუსტი მონაცემების ანალიზის და მოძველებული სტატისტიკის გამოყენებამ განაპირობა.
აღნიშნული მნიშვნელოვანი ცდომილების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. სამინისტრომ, მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, WHO-ს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ განახლებული და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდა; მოხდა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგიის დაზუსტებაც, რის შედეგადაც, 2018 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში 70-ე ადგილს იკავებს.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არაერთგზის გაჟღერებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო არ არის, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციაც ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების გატარების მიმართულებით, რათა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი