სტუ-ის მეცნიერთა ხელმძღვანელობით შექმნილი კონსტრუქციები „ცერნში“ გაიგზავნება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ხელმძღვანელობით შექმნილი რადიაციისგან დამცავი ალუმინის კონსტრუქციები ჟენევაში, ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში პირველად გაიგზავნება- ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

უნივერსტიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სპეციალურად შექმნილი 9 მეტრამდე დიამეტრის კონსტრუქციები ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) მიმდინარე მეგაპროექტის – “ატლასის” ექსპერიმენტის დეტექტორისთვისაა განკუთვნილი.

კონსტრუქციები საქართველოში, ქარხანა „ელიტა-ბურჯის“ სამრეწველო ბაზაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ხელმძღვანელობით მზადდება. დეტალების პროექტირება და დამზადება ISO-ს საერთაშორისო სატანდარტების მიხედვით ხორციელდება. დღეს კონსტრუქციის ნაწილი პირველად გაიგზავნება ჟენევაში, CERN-ში, სადაც საბოლოოდ მოხდება სტრუქტურის აწყობა და „ატლასის“ ექსპერიმენტის დიდი „ჰადრონის“ კოლაიდერთან მიერთება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, არჩილ ფრანგიშვილთან და სტუ-ის მეცნიერებთან ერთად, საწარმო „ელიტა-ბურჯს“ ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ გარემოს, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერიმენტისთვის კონსტრუქციები და დეტალები სპეციალურად იქმნება.

„მომზადდა ზედმიწევნით მაღალი სიზუსტის ოთხი კვანძი „ცერნისთვის“, რომელსაც დღეს ვაგზავნით შვეიცარიაში. ივლისის ბოლომდე კიდევ ოთხ კვანძს დავამზადებთ. რაც შეეხება ამ საერთაშორისო პროექტს, ის სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ეს ახალი ნაბიჯია მანქანათმშენებლობის განვითარებაში. იმედი გვაქვს, პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც ახალ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები