როგორ აღმოფხვრის საცობის პრობლემას ვაშლიჯვრის ესტაკადა და შეიწირავს თუ არა ახლომდებარე ხეებს?

​თბილისში, ვაშლიჯვრისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა ქალაქის ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება იყო. დაპირებისამებრ, საზოგადოება ელოდება ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობას, რომელმაც მოძრაობა მნიშვნელოვნად უნდა განტვირთოს. თუკი აქამდე ეს მხოლოდ იდეა იყო, დღეს ახალ ესტაკადაზე საუბარი უკვე, ფაქტობირვად, დეტალების სიზუსტითაც კი შეგვიძლია. როგორც “სითი კვირასთან” საუბრისას საბურთალოს მაჟორიტარი ავთანდილ ცინცაძე განმარტავს, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის აუცილებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულმა საცობმა გამოიწვია.

☑️რატომ იქმნება საცობი?

მიუხედავად იმისა, რომ მარშალ გელოვანის გამზირს ორმხრივი მიმართულების გზა აქვს გამყოფი ზოლით და თითოეული მიმართულებით, 3 სამოძრაო ზოლია, პიკის საათებში ქუჩა ძალიან გადატვირთულია და მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად ეცემა, მცირდება ქუჩის გამტარუნარიანობა, ამას ემატება ვაშლიჯვრის დასახლებიდან შეკრებილი სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც ერთმანეთს სარაჯიშვილის ქუჩაზე უერთდება და გელოვანის გამზირის გადაკვეთაზე ერთ დონეში გამოდის. გარდა ამისა, მარშალ გელოვანის გამზირით სარგებლობს საბურთალოს მოსახლეობაც, რომელიც სხვადასხვა რაიონში სწორედ ამ გზის მეშვეობით გადაადგილდება, რაც, ცხადია, პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს. ამრიგად, ერთი ზოლით თბილისში მიმავალი ტრანსპორტი ერწყმება დასავლეთიდან თბილისში მომავალ ნაკადს გელოვანის გამზირით, ხოლო დასავლეთის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი, მრავალი კონფლიქტური წერტილის გამო, იძულებულია კვანძის განტვირთვას ელოდოს. ძალიან სწრაფად იქმნება საცობი და შუქნიშნების მიუხედავად, სატრანსპორტო ნაკადის მწკრივი რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე გრძელდება.

☑️როგორ აღმოფხვრის პრობლემას ახალი ესტაკადა?

ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, ესტაკადის მოწყობის შედეგად ცალმხრივი მიმართულების ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, რომლის მეშვეობითაც ვაშლიჯვრის დასახლებიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ნაკადი ესტაკადის მეშვეობით გადაივლის გელოვანის გამზრის, შეერწყმება დასავლეთის მიმართულებით გელოვანის გამზირზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, ხოლო ვაშლიჯვრის დასახლებიდან თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადის ერთი ზოლი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ სატრანსპორტო ნაკადს გელოვანის გამზირზე. შესაბამისად, კვანძის შუქნიშნებით რეგულირების აუცილებლობაც მოიხსნება და კვანძის გამტარუნარიანობაც გაიზრდება.
“ამ ესტაკადის მოწყობა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ჩვენ საზოგადოებას არ ვპირდებით იმას, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებთ. ასე რომ, მათ ახალი ესტაკადით სარგებლობა მალე შეეძლებათ”- აღნიშნავს მაჟორიტარი.

☑️რა ჯდება ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა?

ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, საუბარი, დაახლოებით, 4 600 000 ლარზეა, რომელსაც დედაქალაქის მერია ამ პრობლემის მოსაგვარებლად დახარჯავს.

☑️როდის დაიწყება და დასრულდება სამუშაოები?

როგორც მაჟორიტარი განმარტავს, რადგანაც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი უკვე დასრულდა, ქალაქის ხელმძღვანელობა, საზაფხულოდ, თბილისში მცხოვრები მოსახლეობის ნაკადის ქალაქიდან გასვლას ელოდება. ეს, ერთი მხრივ, მშენებლობის პროცესში ხსენებულ ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობას ნაკლებად შეაფერხებს და მეორე მხრივ, თავად სამუშაო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ესტაკადაზე მუშაობის დასრულების თარიღს, მაჟორიტარი აღნიშნავს, რომ შესაბამისი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

☑️შეეწირება თუ არა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხეები ესტაკადის მშენებლობას?

ავთანდილ ცინცაძე ინფორმაციას ხეების მოჭრის შესახებ უარყოფს და დედაქალაქის მერის განცხადებას იხსენებს, რომლის თანახმადაც, სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ ხეებს არ მოჭრიან. მაჟორიტარის განმარტებით, ხეები, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ადგილას გადაირგვება და თუ რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში ხის მოჭრა აუცილებელი გახდება, ის ახლით ჩანაცვლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები