ტყვია ქართულ სუნელებში – რას აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო

წლევანდელი შედეგები ასეთია: 84 ნიმუში გვაქვს გამოკვლეული ტყვიის შემცველობაზე, აქედან სუნელებსა და სანელებლებში 2 დარღვევის შემთხვევა გვაქვს, – ამის შესახებ “კვირას” დასმული კითხვის საპასუხოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნიმუშების კვლევები გრძელდება, წლის ბოლომდე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ნიმუში იქნება აღებული“, – განაცხადა მიქაძემ.
მისივე თქმით, კანონდარღვევაა, თუ სუნელი იყიდება დაუფასოებელი სახით, არ აქვს ეტიკეტი და არ ხდება მისი მომხმარებლის თვალწინ დაფქვა იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირები ყიდიან. „თუ მიგვითითებთ იმ სავაჭრო ობიექტებს, სადაც ასეთი სახით იყიდება, ზომებს მივიღებთ. ეს კანონის დარღვევაა. ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ კვლევები იქნა ჩატარებული. ჩვენი ემიგრანტების ბავშვების სისხლში გამოვლინდა ტყვიის მაღალი შემცველობა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენგან წაღებულ სუნელებსა და სანელებლებში იყო ტყვიის მაღალი შემცველობა, რომელიც, ვაკონკრეტებ, იყო კუსტარულად დამზადებული სუნელები, რომელსაც ფიზიკური პირები ამზადებდნენ. როცა კვლევა დავიწყეთ ასევე იგივე შედეგები მივიღეთ, ანუ გვქონდა დიდი დარღვევევბი სუნელებსა და სანელებლებში. ამან მოიტანა მთავრობის შესაბამისი დადგენილების საჭიროება. გამოიკვეთა რომ ჩვენ გვქონდა საქმე ფალსიფიკაციასთან. განსაკუთრებულად ყვითელი ყვავილის შემთხვევაში, მას ერეოდა არასასურსათო საღებავი, რომლითაც იღებებოდა, ფერი რომ მისცემოდა. რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული გამყალბებლების მიმართ. იძულებულები გავხდით, მიგვეღო დროებითი ზომები, რომლებიც ითვალისწინებდა შემდეგს: ან ადგილზე უნდა დაფქულიყო, რომ ენახა მომხმარებელს, რომ ნამდვილად ყვითელი ყვავილი იყო ან სხვა სუნელი, ან ის უნდა ყოფილიყო დაფასოებული, რომ მომხდარიყო ბიზნესოპერატორის იდენტიფიცირება“, – განაცხადა მიქაძემ.

ცნობისთვის, წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება გახმაურდა, რომელიც იმიგრანტებს ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალ შემცველობაზე აფრთხილებდა.
„ამერიკის ხმა“ აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ისინი კვლავ პოულობენ ტყვიის მაღალ შემცველობას ქართველი იმიგრანტების და მათი შვილების სისხლის ანალიზში.
„ძალაში რჩება 2015 წელს ქართველი იმიგრანტებისთვის მომზადებული განცხადებაც ქართული სუნელების შესახებ. იმიტომ, რომ დაბინძურების წყაროს გამოვლენის მიზნით ჩატარებული დამატებითი გამოძიების დროს, რომლის დროსაც დეტალურად მოწმდება იმიგრანტების საცხოვრებელი ადგილი, შემთხვევების 90 პროცენტში, ინტოქსიკაციის წყაროა საქართველოდან ჩამოტანილი სუნელები – წერია სტატიაში.
ცნობისთვის, თებერვალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1-ს”, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ახალი წესებით, ფიზიკური პირები მხოლოდ მომხმარებლის თანდასწრებით დაფქული სუნელების გაყიდვას შეძლებენ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები