მანანა ქოჩლაძე: კარგად უნდა იყოს შესწავლილი ის გეოლოგიური პროცესები, რაც მიმდინარეობს სვანეთში

პირველ რიგში, კარგად უნდა იყოს შესწავლილი ის გეოლოგიური პროცესები, რაც მიმდინარეობს სვანეთში, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარემ, მანანა ქოჩლაძემ სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მანანა ქოჩლაძემ აღნიშნა, სვანეთში მეწყრული პროცესები გააქტიურებულია.
„ფაქტია, რომ სვანეთი არის კარგად შესასწავლი, ისევე როგორც მთიანეთი, თუ რა გეოლოგიური პროცესები მიდის და როგორ ავიცილოთ ეს პროცესები თავიდან.

შეგახსენებთ, სვანეთში 35 ჰესი არის დაგეგმილი, ასეთ მეწყრულ სიტუაციაში 35 ჰესის მშენებლობა არ არის ცოტა.
მოვუწოდებთ მთავრობას რომ ამ სიტუაციაში, ნენსკრასთან მიმართებაში მოიწვიონ ჰოლანდიის დამოუკიდებელი გარემოს ზემოქმედების შეფასების კომისია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მსოფლიოს მასშტაბის სხვადასხვა მძიმე პროექტებთან, მათ შორის ჰესებთან მიმართებაში. ეს არის ერთადერთი აღიარებული კომისია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, თავისი კომპეტენტური აზრი დადოს და გვითხრას, რა არის შემდგომაში გასაკეთებელი“, – განაცხადა მანანა ქოჩლაძემ.

მისივე თქმით, როდესაც კეთდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, კეთდება მხოლოდ იმის შეფასება, პროექტი რა ზეგავლენას იქონიებს გარემოზე. როგორც ქოჩლაძემ აღნიშნა, ამასთან ერთად უნდა გაკეთდეს შეფასება – გარემო რა ზემოქმედებას იქონიებს პროექტზე.
„ერთერთი ყველაზე დიდი შეშფოთება, რომელიც არსებობდა „ნენსკრაჰესთან“ მიმართებაში როგორც მოსახლეობის, ისე ჩვენი მხრიდან იყო ის, რომ არ იყო სრულად შესწავლილი გეოლოგიური დინამიკა ამ საპროექტო არეალზე. გამორჩენილი იყო მთელი რიგი მეწყრული უბნები, გამორჩენილი იყო მთელი რიგი ღვარცოფული მდინარეების არსებობა და ეს იყო ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემა.
2017 წლის ნოემბერში გამოიცა გარემოზე ზემოქმედების საბოლოო შეფასება, რომლის საფუძველზეც მივმართეთ აზიის განვითარების ბანკს, არის ასეთი შესაბამისობის შესწავლის მექანიზმი, დამოუკიდებელი მექანიზმია და აკონტროლებს ბანკს. ვთხოვეთ შეეფასებინა პროექტი, მთელი რიგი პარამეტრებით ბანკის სტანდარტებთან. ერთერთი რაზეც ეს მექანიზმი ამახვილებდა ყურადღებას, რომ აუცილებელი იყო კარგად შესწავლილი ყოფილიყო გეოლოგიური პროცესები ამ რეგიონსა და საპროექტო არეალზე, ვინაიდან იმ დოკუმენტაციით, რაც მათ ნახეს, ეს არ იყო საკმარისი. რისი თქმა მინდა- ეს ყველაფერი ხდებოდა საპროექტო არეალზე. იმიტომ, რომ, სწორედ ოკრილას მიდამოებში შედის პროექტის არეალში, არ არის დაშორებული 5 კილომეტრით, როგორც ეს კომპანიამ განაცხადა, უფრო ახლოა, სადღაც 2 კილომეტრია, აქ იყო ჭუბერის საზაფხულო საძოვრები განთავსებული. ეს საძოვრები 2017 წელში გამოსყიდული იყო კომპანიის მიერ და აქ დაიწყო დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
სტიქიასთან ჰესი შუაშია, თუ არ არის შუაში, ამას ვერავინ დავადგენთ – ამას სჭირდება გამოძიება.
რაც შეეხება იმას, ჰესი რომ ყოფილიყო -ეს ყველაფერი მოხდა კაშხლის ქვემოთ, შესაბამისად ამ შემთხვევაში რას იზამდა კაშხალი, როგორ შეაკავებდა მის ქვემოთ არსებულ მეწყრულ სიტუაციას, მე ვერ ვხვდები. მეორე – არ ვიცით, რეზერვუარში, რომელშიც ვიზუალურადაც კი ჩანს, რომ არის უამრავი მეწყრული უბანი, იქ რომ მოხდეს მსგავსი ჩავარდანა რა ზემოქმედებას იქონიებს“, – განაცხადა ქოჩლაძემ.

შეგახსენებთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში, სავარაუდოდ, უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად, ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც ღვარცოფული პროცესების განვითარება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროს მოწყდა. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები