ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება. ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთის რეგიონიდან.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები