რევაზ სოხაძე: გენგეგმის პროექტის თანახმად, თბილისის ტერიტორიის 54% რეკრეაციულია

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ თბილისის მიწათსარგებლობის განაშენიანების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა და თბილისის მერიამ დიდი სამუშაო შეასრულეს გენგეგმის პირველადი პროექტისთვის ისეთი სახის მისაცემად, რასაც საკრებულო დაამტკიცებდა.
„რამდენიმე თვის 24-საათიანი მუშაობა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც მიმდინარე წლის აპრილში გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს შევეკამათეთ, რატომ გააუქმეს შიდაკვარტალური გამწვანება, მაშინ ექსპერტების გარკვეული ნაწილი ამბობდა, რომ გენერალური გეგმა ასეთ დეტალიზაციას არ გულისხმობდა. ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა აიტაცეს ეს პოზიცია და აცხადებდნენ, რომ გენგეგმა ასეთი დეტალიზებული არ უნდა იყოს. გენერალურ გეგმას შვიდი თემატური რუკა ახლავს და თუ რამე შეკითხვები გაქვთ, მათ შორის გამწვანებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ რუკებს უნდა ჩახედოთ“, – მიმართა ოპოზიციას რევაზ სოხაძემ.
მისი თქმით, გენგეგმის პროექტის თანახმად, თბილისის ტერიტორიის 54% რეკრეაციულია, ხოლო ძველ დოკუმენტში ეს მაჩვენებელი 50%-ს შეადგენდა. დეპუტატის განმარტებით, ბოლო პერიოდში დეველოპერების მხრიდან თბილისის მერიის მიმართ არსებობს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ აღარ ხდება ინტენსივობის კოეფიციენტების გადაჭარბება, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
„რაც შეეხება სამშენებლო კოეფიციენტს და გენგეგმას, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან პირდაპირ ბმაში არ არის. გენგეგმაში ნათქვამია, რომ ჩვენ, საკრებულო და მერია ვაპირებთ ძირითადად ჩარჩო გეგმების და განაშენიანების რეგულირების გეგმების დამუშავების კუთხით ვიაროთ. ამ შემთხვევაში ზოგადად, ქალაქში სამშენებლო განვითარებას ვგულისხმობ“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები