რომან კაკულია: ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს პოზიტიურად ვუყურებ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს დადებითად აფასებს. ამის შესახებ კაკულიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, როგორც წესი, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყველაზე სიცოცხლიუნარიანი არის ის ინიციატივა, რომლის მოთხოვნილებაც ბუნებრივად იქმნება. მისივე თქმით, ღამის საათებში სხვადასხვა ტიპის სერვისებზე, იქნებოდა ეს ღამის კლუბები თუ ზოგადად, სხვადასხვა ტიპის მომსახურება ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო.

„ღამის ეკონომიკის პროექტი არ გაჩნდა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვიცოდით დადებითი მაგალითები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მოთხოვნილების არსებობის ბუნებრივი ნიშნები საქართველოში იყო და კარგად იქნა ეს დანახული. აქედან გამომდინარე ,თუ ამას სამთავრობო ხელშეწყობაც, გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფა ექნება, თავისთავად ცხადია, ეფექტიც დადგება.
ეს არ იყო იდეა, რომელიც უბრალოდ გაჩნდა. ჩვენ აწი უნდა ვნახოთ ამ ბიზნესის მიმდინარეობის პროცესიც. სპონტანურად, ქაოტურად ეს მოთხოვნილება იქმნებოდა და იდეის ავტორებმა, ჩემი აზრით, გადაწყვიტეს ამის ორგანიზება და მაქსიმალური ეფექტის მიღება აქედან, ამიტომ მე პოზიტიურად ვუყურებ ამას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი აპრილში წარადგინა. თბილისის მერთან ერთად, ღამის ეკონომიკის კონცეფციაზე პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემაც ისაუბრა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ღამის ეკონომიკა ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას გულისხმობს, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება. პროცესში ჩართულია სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა და სხვა.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის მიზანია, ზემოხსენებული სექტორების კოორდინირებული მუშაობისა და მათი სტიმულირების გზით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმიდან შემოსული თანხების ზრდა, გარეუბნების გამოცოცხლება, საღამოსა და ღამის საათებში მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება, თბილისის, როგორც 24-საათიანი ქალაქის პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები