WHO-მ შეცდომა გამოასწორა – საქართველო ჰაერის დაბინძურებით არა პირველ, არამედ 70-ე ადგილზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საკუთარი შეცდომა გამოასწორა.

თუ ორგანიზაციის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს დავუჯერებდით, საქართველოს ჰაერი იმდენად მომაკვდინებელი იყო, რომ მთელი პლანეტის მასშტაბით ყველაზე მეტ დაავადებასა და სიკვდილიანობას იწვევდა. ორგანიზაციის წინა შეფასებით, 100,000 კაცზე გაანგარიშების შემთხვევაში, ქართული ჰაერი ყოველწლიურად 292 ადამიანს კლავდა, რაც გლობალურ საშუალოს რამდენჯერმე აღემატებოდა. ეს მონაცემები აშკარად მცდარი იყო, რადგანაც ქვეყანაში, სადაც არც წარმოება და არც ქიმიური ინდუსტრია არ არის განვითარებული თითქმის შეუძლებელია ჰაერის დაბინძურებამ ასეთ მასშტაბებს მიაღწიოს. 2018 წლის განახლებული ანგარიშით კი ორგანიზაციამ მეთოდლოგიური შეცდომა გამოასწორა, რის შედეგადაც საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით 1-დან 70-ე ადგილზე გადაინაცვლა.

რას ითვლის WHO და როგორ დგება ჰაერის დაბინძურების სტატისტიკა

ჰაერის ხარისხს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. თუმცა, როდესაც ჰაერზე მიმდინარეობს საუბარი, უმეტესობა, როგორც წესი ფიქრობს რომ საუბარი შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ჰაერს რომელიც გარეთ – ქუჩებში, ქალაქებში, სკვერებსა თუ ტყეებშია. სინამდვილეში კი ჰაერის ხარისხზე საუბრისას შენობების შიგნით არსებული ჰაერის ხარისხიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გარეთ არსებულის. შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სტატისტიკის შექმნის დროს იყენებს ინფორმაციას, რომელიც შენობის შიდა ჰაერის ხარისხს შეეხება. ეს არ ნიშნავს, რომ WHO-ს ექსპერტები კარ და კარ დადიან და სხვადასხვა ოთახში ჰაერის ხარისხს ზომავენ. ისინი ამ სტატისტიკის მომზადების დროს ეყრდნობიან უკვე არსებულ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს. მაგალითად, დადგენილია რომ სათბობი მიზნებისთვის მყარი საწვავის (შეშის) გამოყენება შენობის შიდა ჰაერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია. საქართველოში კი გაზიფიცირების არასრული დაფარვის გამო რეგიონების მოსახლეობა სათბობად და საკვების მოსამზადებლად შეშას იყენებს.

თუმცა, WHO-მ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, დაუშვა შეცდომა, როდესაც მიუთითა, რომ საქართველოში სუფთა საწვავზე ხელმისაწვდომობა 55% იყო, ხოლო მოსახლეობის 45% კი გასათბობად ბინძურ საწვავს (შეშას) იყენებდა. WHO-მ იხელმძღვანელა 2005 წელს მომზადებული ანგარიშით, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს შეშაზე დამოკიდებულებას ასახავდა. 2005 წელს არსებული მონაცემები კი დღეს სრულიად არარელევანტურია, რადგანაც ქვეყანამ გასული 12 წლის განმავლობაში გაზიფიცირებისთვის მილიონობით ლარი დახარჯა.

2018 წლის ანგარიშში, WHO-მ იხელმძღვანელა მყარი საწვავის მოხმარების განახლებული მონაცემებით, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სუფთა საწვავზე ხელმისაწვდომობა 78%-ია. ანუ მოსახლეობის 22% იყენებს შეშას. შესაბამისად, კვლევაში განახლებული სტატისტიკის გამოყენებამ საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

გარე ჰაერის ხარისხის შეფასება ჰაერის ზოგადი ხარისხის შეფასებისთვის მეორე მნიშვნელოვანი ინდიკატორია. WHO გარემოს ჰაერის შეფასების დროს მთავარ ყურადღებას ამახვილებს ჰაერში მიკრონაწილაკების შემცველობაზე. მილიმეტრის მეათიათასედის ზომის მტვრის ნაწილაკების მაღალ კონცენტრაციას სასუნთქი სისტემის დაავადებათა პროვოცირება შეუძლია.

2016 წლის კვლევის მონაცემებით, ქართული ჰაერი მეტრ კუბზე 23.3 მიკროგრამ მტვრის ნაწილაკებს შეიცავდა, რითიც მსოფლიოში 86-ე ადგილზე იყო. მაგალითად, პოლონეთის ჰაერში ამაზე მეტი – 25 მიკროგრამი მტვრის ნაწილაკები, ხოლო თურქეთის ჰაერში კი 35 მიკროგრამი მტვრის ნაწილაკები იყო. ანუ ძირითადი დამაბინძურებლის პარამეტრის მიხედვით, ქართული ჰაერი თურქულსა და პოლონურზე სუფთა იყო. საქართველოს ჰაერი ასევე აზერბაიჯანის, ბულგარეთის, სამხრეთ კორეის, ჩილეს, სომხეთის და სხვა ქვეყნების ჰაერზე სუფთა იყო.

2018 წლის ანგარიშის მიხედვით, კი საქართველოს ჰაერი მეტრ კუბზე 24 მიკროგრამ მტვრის ნაწილაკებს შეიცავს, ეს წინა ინდექსთან შედარებით გაუარესებას წამოადგენს და ის 76-ე ადგილზე იმყოფება. კვლევის მიხედვით, საქართველოზე ბინძური ჰაერი აქვთ სომხეთს – 32.9 მიკროგრამი, თურქეთს – 41 მიკროგრამი, სამხრეთ კორეას – 24.7 და სხვა ქვეყნებს.

მეტიც, ერთ მოსახლეზე გაანგარიშების შემთხვევაში მარტივად დავინახავთ რომ საქართველო პლანეტას სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად ნაკლებად აბინძურებს. ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად ქვეყნების მიერ გაფრქვეული CO2 განიხილება. საბჭოთა კავშირის ჩამოშლასთან ერთად საქართველოს ქარხნების საკვამურებიდან ბოლის ამოსვლა შეწყდა, შედეგად საქართველოს მიერ გაფრქვეულმა სათბურის გაზებმაც იკლო. წარმოდგენილი სტატისტიკა აჩვენებს, თუ რამდენად ნაკლებ CO2-ს გამოყოფს საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით:

წყარო: ტაბულა

  

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები