“ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ თბილისის გენგეგმის მიღების საკითხს მიესალმება

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ თბილისის გენგეგმის მიღების საკითხს მიესალმება. ამის შესახებ განცხადებას თავად ფრაქცია ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ფრაქცია მიესალმება ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის პოზიტიურ გამოხმაურებას ფრაქციის მიერ ინიცირებული საკითხის შესახებ, რაც ქაოტურ მშენებლობებს დაეთმო. გარდა ამისა, თბილისის გენერალური გეგმა იმ რანგის დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც ქალაქში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უნდა დარეგულირდეს კანონის ფარგლებში, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.
ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელზეც 3 წლის განმავლობაში ქართველი, გერმანელი, ჰოლანდიელი და ფრანგი სპეციალისტები მუშაობდნენ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო. გენგეგმას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის განვითარებაში, სადაც დეტალურად გაწერილია ახალი გამწვანებული ზონების განაშენიანებისა და ქაოტური მშენებლობების შეზღუდვის საკითხები.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 4 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნულ გენგეგმაში დეტალურად არის გაწერილი ქაოტური განაშენიანების საკითხი, ასევე გეოლოგიური და გეოდინამიკური თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალები, სადაც მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და მხოლოდ ამის საფუძველზე განხორციელდეს გადაწყვეტილებების მიღება. განსაკუთრებით სენსიტიურ არეალებად თბილისის მერია ნინო ჟვანიას ქუჩის, ვერეს ხეობისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიას ასახელებს.
ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას. თანამოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქალაქის სწორი განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობას. აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია ფრაქციის დეპუტატებისთვის, ვინაიდან ფრაქცია მიმდინარე წლის მარტიდან აქტიურ რეჟიმში იკვლევს ნინო ჟვანიას ქუჩისა და მის მიმდებარედ მასიური მშენებლობების საკითხს, რაც მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქის მოსახლეობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გასული თვეების მანძილზე ფრაქციამ ჩაატარა 2 გაფართოებული შეხვედრა გარემოს ეროვნული სააგენტოს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებისა და თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლებთან, ასევე კონსულტაციები გაიარეს კანადის სამშენებლო ნორმების კომისიისა და აშშ-ის ლორენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიის წარმომადგენლებთან. აღნიშნულ შეხვედრებზე ექსპერტებთან შეჯერებული 4 პუნქტიანი საერთო პოზიცია გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, სადაც რეკომენდაციის სახით წარმოდგენილია იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ, რამაც უნდა მოაწესრიგოს ქაოტური მშენებლობების საკითხი, განხორციელდეს სანიაღვრე სისტემის სათანადოდ მოწყობა და აიკრძალოს ნებისმიერი მშენებლობა მდინარის ჭალებში. რეკომენდაცია ასევე ეხება ვარაზისხევის ხეობის კომპლექსურ კვლევებს როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფერდისთვის გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების ელემენტების გათვალისწინებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები