ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მამა ცოლის დაჭრისთვის სასჯელს იხდიდა

47  წლის კაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა და ციხეში 2 წელი გაატარა, შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ამერიკული ოჯახის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამა, იური კობაური „კვირასთან“ ამბობს, რომ მას მკვლელობის ოფიციალური ვერსიის არ სჯერა.
„მეზობლებისგან გავიგე, რაც ხეობაში მოხდა. რომ გავიგე, ფეხები მომეკვეთა, მის შემდეგ აღარ ვარ ცოცხალი კაცი. ჩემი შვილი ისეთი ბავშვი იყო, ზედმეტად არავის არაფერს კადრებდა. არც სიგარეტს ეწეოდა, არც სვამდა. სოფელში იკითხეთ, როგორი იყო. რა მოხდა იქ, არ ვიცი და არც მჯერა, რომ ჩემი შვილი ვინმეს მოკლავდა“, – ამბობს იური კობაური.
ამასთან, ბრალდებულის მამა კატეგორიულად უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ მის შვილზე ფსიქოლოგიური გავლენა ოჯახში მომხდარმა ინციდენტმა იქონია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, იური კობაურმა მეუღლე დაჭრა და სასჯელის სახით 2 წელი საპატიმროში გაატარა. იგი ამჟამად, თავისუფალია.
„ოჯახი რა შუაშია. მე სასჯელი მოვიხადე და გარეთ ვარ. სულ ჩემი შვილის გზას გავცქერი. მე და ჩემს შვილებს ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. სამი წელია სულ მწყემსია და ახალგორიდან ჰყავს ცხვარი გამორეკილი. აღარ ვიცი, რა ვთქვა, ჩემი შვილი სულ სხვანაირი ადამიანი იყო და არავის მოკლავდა“, – ამბობს ბრალდებულის მამა.
კობაურები აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორიდან წილკანში, საძეგურის დევნილთა დასახლებაში დასახლდნენ. ოჯახს 6 შვილი ჰყავს.
როგორც „კვირას“ წილკნის საჯარო სკოლის დირექტორმა ლეილა ტაველურმა განუცხადა, ამერიკელი ოჯახის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს საშუალო განათლება არ აქვს და მას სკოლაში საერთოდ არ უვლია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.
დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები