გიორგი ტყემალაძე ფორუმში “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი” იღებს მონაწილეობას

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე- გიორგი ტყემალაძე, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან – ნათია ღვინაშვილთან ერთად ,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ‘’ II ფორუმს ესწრება.
ყვარლის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინიციატივით მოეწყო, გიორგი ტყემალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აღნიშნულ ფორმატში გამართული შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ცენტრალურ ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის თვითმმართველობების მუშაობას.
ფორუმზე, რომელიც ზაზა გაბუნიამ გახსნა, გიორგი ტყემალაძესთან ერთად დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ – დავით გაბაიძემ მიმართეს.
ღონისძიების მონაწილეებმა თვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე, კერძოდ კი, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გადაცემის საკითხზე, ასევე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდულ პოლიტიკაზე იმსჯელეს და აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს.
II ფორუმი -,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“ დღესაც გაგრძელდება და ის ადგილობრივი თვითმმართვლობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობას, ასევე დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა.
ორდღიან ღონისძიებაში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები