გია გაჩეჩილაძე: შემოტანილი ბენზინის ხარისხია შესამოწმებელი სისტემატურად, რათა რამე სიყალბეს არ ჰქონდეს ადგილი

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს კომპლექსური საკითხია და მისი გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ კომპლექსურად შეიძლება.
გაჩეჩილაძემ ამ კონტექსტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ტექდათვალიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და რატომ, თბილისის ატმოსფეროს დაბინძურებაში 90 %-ზე მეტი როლი აქვს ავტომობილების გამონაბოლქვს. იცით, რა პრობლემებიცაა – მოძველებული მანქანებია, გამოცლილია კატალიზატორები და ა.შ. ავტოპარკის შეცვლაც აუცილებელია, ბუნებრივია. ტექდათვალიერებამ გარკვეული შედეგები გამოიღო, თუმცა არა ისეთი, როგორსაც ველოდებოდით. 1 იანვრიდან, იცით, რომ ძალაში შევიდა დიდი მანქანებისა და მიკროავტობუსების ტექდათვალიერება, მხოლოდ და მხოლოდ 25 % “დაიბრაკა”. როგორც ჩანს, ამ სისტემას განვითარება კიდევ სჭირდება. მე ეჭვი მეპარება რომ მხოლოდ 25 % იყო იქ “დასაბრაკი”, შეიძლება მეტი უნდა ყოფილიყო, ეს თვალნათლივია, ქუჩაში რომ გახვალთ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მან ბენზინის ხარისხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემოტანილი ბენზინის ხარისხი სისტემატურად უნდა მოწმდებოდეს. „გარდა ამისა, არის ბენზინის ხარისხის საკითხიც – ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ჩვენ ევრო 5-ზე ვართ გადასული, ამიტომ ტყვიის შემცველობა ატმოსფეროში ძალიან ცოტა გვაქვს, შევამცირეთ, იმიტომ, რომ ევრო 5-ში ტყვიის შემცველობა ძალიან ნორმირებულია, თუმცა, შემოტანილი ბენზინის ხარისხია შესამოწმებელი სისტემატურად, რომ რამე სიყალბეს არ ჰქონდეს ადგილი, რომ ვინმემ სადმე იაფფასიანი ბენზინი არ იშოვოს და არ შემოიტანოს საქართველოში სარეალიზაციოდ, თორემ, ამ თვალსაზრისით ძალიან სერიოზული, კარგი ნაბიჯები გადაიდგა. თბილისში როდესაც იზომება ატმოსფერული დაბინძურების ხარისხი რამდენიმე ძირითადი კომპონენტია- იქ ეს არის ავტოტრანსპორთან დაკავშირებული გოგირდის და აზოტის შენაეთების კონცენტრაცია, რომელიც ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია მტვრიანობის ფაქტორი, ძალიან მტვრიანი ქალაქია, ესეც იზომება, ტყვიის შემცველობა დაბალია მას ჯანმრთელობაზე გავლენა ნაკლები ექნება. ეს მტვერი დაკავშირებული მშენებლობების საკითხთან, გამწვანების დეფიციტთან და ა. შ. თუმცა, ახალ სამშენებლო კოდექსს ვიღებთ, პირველი მოსმენით მიღებულია , რომელიც ამ ანარქიულ მშენებლობებსაც დაარეგულირებს და უკეთესი მდგომარეობა უნდა შეიქმნას“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. ცნობისთვის, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მეორე ეტაპზე გადადის – 1-ელი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში, 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით: ა)2018 წლის 3 იანვრიდან, ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები; ბ) 2018 წ. 1-ელი ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება. გ) 2018 წ. 1-ელი ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება. დ) 2019 წ. 1-ელი იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები