საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკასთან სავიზო რეჟიმი გამარტივდა

კორეის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან და საიმიგრაციო სამსახურთან ბოლო პერიოდში კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ჩატარებული ინტენსიური მუშაობის შედეგად, კორეის ხელისუფლებამ ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის 1-5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და იგი უმაღლესი განათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს (კერძო სექტორი, სამედიცინო და ა.შ.) წარმომადგენლებს შეეხება.
სავიზო რეჟიმის გამარტივებამდე გაიცემოდა კორეის რესპუბლიკის ერთჯერადი და მაქსიმუმ, ერთწლიანი ვიზა. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა გაცილებით შემცირდება და ვიზის საფუძველზე კორეაში ერთჯერადად ყოფნის ვადა30-დან 90 დღემდე გაიზრდება.
„ახალი ტიპის, მრავალჯერადი და უფრო ხანგრძლივი ვიზები განსაკუთრებით გაუმარტივებს ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სხვა სფეროებში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეებს კორეელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და აგრეთვე ტურიზმის განვითარებას”,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები