იპოთეკაში ჩადებული ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული შეზღუდვებით კერძო მევახშეებს ყველაფრის უფლება აღარ ექნებათ

კერძო მევახშეებთან იპოთეკაში ჩადებული ქონების გაყიდვასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ამ შეზღუდვებით, კერძო მევახშეებს ყველაფრის უფლება აღარ ექნებათ. როგორც „კვირასთან“ საუბრისას ჯანიაშვილმა აღნიშნა, კერძო მევახშესა და მსესხებელს შორის სამართლიანობის ბალანსის დაცვა აუცილებელია.

ჯანიაშვილის შეფასებით, შეზღუდვები შესაძლოა, კერძო მევახშეებისთვის არ იყოს ხელსაყრელი, თუმცა ქვეყნისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან კარგია.

„არსებული კანონით, უუფლებო მდგომარეობაშია მსესხებელი, გამსესხებელს კი ყველაფრის უფლება აქვს. ამ შეზღუდვებით, მევახშეებს ყველაფრის უფლება აღარ ექნებათ. იმაზე საუბარი შეიძლება იყოს, რომ კერძო მევახშეებისთვის არ არის კარგი, მაგრამ ქვეყნისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან კარგია. თუ მთლიან სურათს შევხედავთ, ბინების დაკარგვის კუთხით, მეტი წილი მოდის კერძო მევახშეებთან. შემდეგ მოდიან ბანკები და შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ევროპის ქვეყნების მაგალითს თუ მოვიყვანთ, იქ ბევრი რეგულაციებია, მაგალითად, ადამიანებს არ აქვთ უფლება, უკანასკნელი საცხოვრისი იპოთეკით დატვირთონ და ა.შ. თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, გარკვეულწილად, კანონმდებლობა უნდა შევცვალოთ და როგორც ვიცი, პრემიერის ინიციატივები ამ მიმართულებით მიდის“, – აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, აქ საუბარია იმაზე, რომ კერძო მევახშეები არნახულ პროცენტში გასცემენ სესხებს, შემდეგ გაუაზრებელ საკომისიოებს ახდევინებენ ხალხს და პირველივე დარღვევაზე, ბინას ართმევენ.

„ცუდია, როდესაც კერძო მევახშე ადამიანს აძლევს სესხს, აქ ხდება ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიუსით და პირველივე დარღვევაზე, შეუძლია, მოითხოვოს ნოტარიუსისგან საბუთი, რომ ხელშეკრულება დაირღვა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსთხოვოს, გამარტივებული წესით აღსრულება და ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე, 10 ან ორ კვირაში, ადამიანებს ბინას ართმევენ. კარგია, რომ გარკვეული შეზღუდვები წესდება გამსესხებლებისთვის. თუნდაც ის, რომ საკომისიოს და ჯარიმების კუთხით, მაქსიმუმ, რამდენი შეიძლება დაერიცხოს მსესხებელს” ,-განაცხადა ჯანიაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები მდგომარეობას შედარებით გამოასწორებს, თუმცა რეფორმები თუ გაგრძელდება, უკეთესი შედეგები დადგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები