სეისმოლოგი: ჭუბერის სტიქია ხე-ტყის ჭრას არ გამოუწვევია

ჭუბერში მომხდარი სტიქიის მიზეზი ხე-ტყის ჭრა არ ყოფილა, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ თქვა.

„როცა ჩვენ გარკვეულ, ფუნდამენტურ ცნებებს ვეხებით, აუცილებელია, ცალსახად განვსაზღვროთ, რა შემთხვევაშია ტყე პრობლემატური. ნენსკრას შემთხვევაში, იმ მონაცემებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ხე-ტყის ჭრა, მასიურიც რომ ყოფილიყო, წყალდიდობის პროვოცირებას ვერ შეძლებდა. როცა ვსაუბრობთ ასეთ საკითხებზე, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ თემას, იმიტომ, რომ შემდეგ ეს გაჟღერდება ხოლმე გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ. უხერხულია, როცა გადაწყვეტილების მიმღებს ასეთ ინფორმაციას ვაწვდით. ხე-ტყე აქ არაფერ შუაში არაა.

რაც შეეხება ჰესს; მეც, ჩვენს სამეცნიერო გუნდსაც და უცხოელ კოლეგებსაც გვაქვს ცალსახა დამოკიდებულება, – სვანეთის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პირობებში, რაც ახლა არსებობს, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ რეზერვუარის, ანუ კაშხლური ტიპის მშენებლობას.

სვანეთში არის მთის, ძალიან ვერაგი, მყინვარული მდინარეები, რომელთაც ახასიათებთ წყალმოვარდნები. ეს დაამტკიცა მესტიაჭალამ ერთი წლის წინ, – როცა წყალმა მშენებარე ჰესი წაიღო. მსგავსი შემთხვევები გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის მშენებლობისას. რეზერვუარის ტიპის ჰესები ძალიან საშიშია და შეიძლება, კონტრპროდუქტიული იყოს. მე გავეცანი გარემოსდაცვით ანგარიშს ამ ჰესის შესახებ. იქ ვერ ვნახე ღვარცოფული მოდელირება, რადგან შესაბამისი ისტორიული მონაცემები არ არსებობს. მშენებარე კომპანიამ თავიდან უნდა გადახედოს ამ პროექტს.

ეს იყო დაახლოებით ისეთი პროცესი, რაც 2015 წელს თბილისში მოხდა. აქაც მთის მდინარის ადიდებასთან, ჭარბნალექიანობასთან და წყალმოვარდნასთან გვაქვს საქმე. ცხადია, ეს არაა საბოლოო ვერსია, რადგან ჩვენ მეცნიერები ვართ და ჩვენი შედეგი მიზეზშედეგობრივად უნდა იყოს დალაგებული. გვჭირდება მეტი კვლევა ზუსტი მიზეზების დასადგენად. ველოდებით სატელიტური მონიტორინგის მონაცემებს“ – თქვა თეა გოდოლაძემ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭუბერში დამანგრეველი სტიქიის გამომწვევი მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხე-ტყის უსისტემო ჭრაა.

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. უკვე გახსნილია ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი სამანქანო გზა. მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის იმ ადგილების გამაგრება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას. ადგილზე შევიდა დამატებითი მძიმე ტექნიკა. გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ „ქართული ოცნების“ ახალგზრდული ფრთის წარმომადგენლები. ადგილობრივებს დაურიგდათ საკვები პროდუქტები.

5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა.

განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დაანგრია რამდენიმე სახლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები