საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
საველე პირობებში გამართული შეხვედრის მიზანი ტყის ეროვნული აღრიცხვისთვის საჭირო ხელსაწყოების დემონსტრირება იყო.
როგორც ლევან დავითაშვილმა განცხადა, საქართველოში სატყეო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანიც ტყის ეროვნული ინვენტარიზაციაა და აღნიშნულ პროცესში საბუნებისმეტყველო დარგის სტუდენტების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს, მმართველი ორგანოსა და დაცვის სტატუსის მიუხედავად. ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება როგორც ტყის ეკონომიკური მახასიათებლების, განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, ბიომრავალფეროვნების, ასევე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ.
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის “ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.
კოჯრის ტყეში გამართულ სადემონსტრაციო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და სატყეო სექტორით დაინტერესებული სტუდენტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები