მიხეილ ჩხენკელი: გამოცდების გადატანა შესაძლებელია გაზაფხულზე

ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საგამოცდო ცენტრები მოინახულა, აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო ახლო მომავალში განახორციელებს.
მიხეილ ჩხენკელი ხუთ საგამოცდო ცენტრში – თბილისის 175-ე, 173-ე, 39-ე, 177-ე და 103-ე საჯარო სკოლებში იმყოფებოდა, ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მხრიდან ყველაფერი კეთდება და გაკეთდება იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდები მშვიდ და კომფორტულ ვითარებაში ჩატარდეს. შესაბამისად, 13 წლის შემდეგ პირველად სამინისტრომ კონდიცირების საკითხი გადაჭრა. ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა ის არის, რომ საგამოცდო ცენტრებში არსებული ელექტროსისტემა კონდიცირების დატვირთვას ვერ უძლებს. ამიტომ, გარკვეულ სკოლებში სპეციალური კაბელის შეყვანა გარედან გახდა საჭირო. სკოლებში, სადაც ელექტროქსელები გამოსაცვლელია, მომავალი წლისთვის გამოიცვლება.
მინისტრის თქმით, რიგი სკოლების კონდიცირებით აღჭურვა უკვე დასრულებულია. კვირის ბოლომდე კონდიციონერი ყველა ცენტრში იქნება. ამ ეტაპზე, ზოგიერთ სკოლაში სპლიტ კონდიციონერები, ზოგან შერეული, ე.წ. მობილური კონდიციონერები დამონტაჟდა, ზოგიერთი სკოლა კი ვენტილატორებით აღიჭურვა.
სწორედ მაღალი ტემპერატურის გამო შეიცვალა საგამოცდო გრაფიკი – ეროვნული გამოცდები 2-დან 5 ივლისის ჩათვლით მხოლოდ დილის ცვლაში, შედარებით გრილ პერიოდში ჩატარდება. ცივი წყლის დისპენსერები კი ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება.
მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ გადასახედია ეროვნული გამოცდების ჩატარების პერიოდი. მისი თქმით, ივლისის ნაცვლად, როდესაც ძალიან ცხელა და ვადებიც შემჭიდროვებულია, გამოცდების გადატანა შესაძლებელია გაზაფხულზე. არსებობს სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, უცხოეთის ბევრს ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ასეთი ტიპის გამოცდები სემესტრის განმავლობაში ტარდება. სამინისტრო ამ მიმართულებით, აქტიურად იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები