ხათუნა გოგალაძე: ავტოპარკის ტექდათვალიერება, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ, წინ გადადგმული ნაბიჯია

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ხათუნა გოგალაძის განცხადებით, ავტოპარკის ტექდათვალიერების შემოღება მისასალმებელია.
როგორც გოგალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია.
ამასთან, გოგალაძე მიიჩნევს, რომ ტექდათვალიერება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს არასაკმარისია.
„ცნობილია, რომ საქართველოში, ჰაერის დაბინძურებაში, სატრანსპორტო სექტორის წილი დაახლოებით 70 %-ია. თბილისის რეალობაში ეს კიდევ უფრო მაღალია, დაახლოებით 90- 95 % ჰაერის დაბინძურებისა, მოდის სატრანსპორტო სექტორზე. ამის მთავარი მიზეზია ერთი მხრივ, მანქანების ძალიან დიდი რაოდენობით კონცენტრირება ქალაქებში და მეორე მხრივ, მათი გაუმართავობა და ძველი მანქანები. სამანქანო პარკი მოძველებულია.
ის, რომ ტექნიკური დათვალიერება ეტაპობრივად ხდება სავალდებულო, არის მნიშვნელოვანი, რადგან ტექნიკური დათვალიერება, გარდა მანქანის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელი კომპონენტების შემოწმებისა, ითვალისწინებს ასევე, გამონაბოლქვში იმ გარკვეული ნივთიერებების შემოწმებას, რაც უნდა ჯდებოდეს სტანდარტებში. ეს, ბუნებრივია, არის მნიშვნელოვანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი“- განაცხადა გოგალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მეორე ეტაპზე გადადის – 1-ელი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში, 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა)2018 წლის 3 იანვრიდან, ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წ. 1-ელი ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
გ) 2018 წ. 1-ელი ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება.
დ) 2019 წ. 1-ელი იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები