საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 1 200 ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება, რომელიც გააკონტროლებს აქვს თუ არა გავლილი ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება

საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 1 200 ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება, რომელიც გააკონტროლებს აქვს თუ არა გავლილი ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება – ამის შესახებ შს სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების ნაწილი არაეფექტიანია, რადგან საპატრულო ეკიპაჟების მხრიდან შემთხვევითი პრინციპით ხდება შემოწმება, აქვს თუ არა ავტომობილს ტექდათვალიერება გავლილი.
„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების ნაწილი საკმაოდ არაეფექტიანია, ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ ამ პროცესის მაქსიმალურად ავტომატიზებას, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესი უნდა მივაბათ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაზე, რაც გაზრდის ეფექტიანობას ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების ნაწილში. 2019 წლის დასაწყისიდან უკვე ყველა ავტომობილისთვის ხდება სავალდებულო ტექდათვალიერება. ეს დაახლოებით მილიონამდე სატრანსპორტო საშუალებაა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, არსებული მოდელით საპატრულო ეკიპაჟების მხრიდან ტექდათვალიერების პროცესის აღსრულება წარმოუდგენელი იქნება.
„ამიტომ აუცილებელია სამეთვალყურეო სისტემა. წლის ბოლომდე დაახლოებით 1 200 ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ორთვიან პერიოდში დაახლოებით შესაძლებელი იქნება აღსრულების ნაწილი განხორციელდეს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გამოყენებით“, – აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.
ტექდათვალიერების ამოქმედებიდან, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 2555 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები