ბინის მეპატრონე ადასტურებს, რომ ქირის თანხა მას მაჩალიკაშვილისგანაც მიუღია

ჩატაევი და მისი დაჯგუფების ორი წევრი სოლტახმადოვი და ბორზიევი ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადასვლამდე, სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ვარკეთილში, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაშია“ ნათქვამი.
როგორც ირკვევა, სწორედ მაჩალიკაშვილის ტელეფონის აღდგენილ ფაილებშია ნაპოვნი ფოტო, რომელზეც ბორზიევია ასახული. ამ ფოტოზე ბორზიევი „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზეა გადაღებული.

ბორზიევმა და სოლტახმადოვმა ვარკეთილის ბინა სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე დატოვეს. ბინის მეპატრონე ადასტურებს, რომ ქირის თანხა მას მაჩალიკაშვილისგანაც მიუღია.
ჟურნალისტი: თანხას იღებდით უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილისგან?
კონსტანტინე გუჯეჯიანი (ვარკეთილის ბინის მეპატრონე): „ერთხელ მომაწოდა კი. მარგოშვილს დავურეკე და მითხრა, რომ ბავშვებს გადავუგზავნი თანხასო და გადი გამოართვიო. ბავშვები, ანუ თემირლანი და კიდევ ერთი პირი“.
ვარკეთილის ბინა რამაზ მარგოშვილის დაქირავებული იყო. ის ახლა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებითაა დაკავებული და სასჯელს გლდანის ციხეში იხდის. მედიკო დუიშვილი „იმედის კვირას“ უყვება, რატომ შესთავაზა მისმა მეუღლემ ბინა უფასოდ პანკისელ მეზობელს.
მედიკო დუიშვილი, რამაზ მარგოშვილის მეუღლე: „მამასავით იყო თემირლათან, ჩემი მეუღლე. ერთი ოჯახივით ვიყავით. 3-4 თვე მაგათთან დატოვა, რომ ბინის შეღავათი ექნებათო.“
მარგოშვილი ფიგურირებს „ქრონიკის“ მოპოვებულ კიდევ ერთ მასალაში. აუდიო ფაილის მიხედვით, რამაზ მარგოშვილი თემირლან მაჩალიკაშვილს საბანკო მონაცემებს სთხოვს.
ხმოვანი შეტყობინება: „თემირლან როგორ ხარ? ხომ არ გეძინა? თემირლან დღეს, ხვალ ან ზეგ თუ არ გეგმავ თბილისში წასვლას, შენი მონაცემები მჭირდება, ევროპიდან თანხა უნდა გადმოგირიცხონ 3-4 ადამიანზე. გამომიგზავნე შენი მონაცემები ხვალ და ზეგ, თუ არ მიდიხარ.“


ამ ჩანაწერის ეთერში გასვლის შემდეგ, რამაზ მარგოშვილმა ადვოკატის საშუალებით ციხიდან წერილი გამოგზავნა და მაჩალიკაშვილთან სატელეფონო კომუნიკაცია უარყო.
რამაზ მარგოშვილის განცხადება: „გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია ვითომცდა მე თემირლანს ვთხოვდი, მის პირად რეკვიზიტებს, რაც სიცრუეა და ასეთს არასოდეს ჰქონია ადგილი. მე მაინტერესებს, როდის იქნა დანიშნული ექსპერტიზა და რითი დადგინდა, რომ ხმა, რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი, არის ჩემს მიერ გაჟღერებული და გადაგზავნილი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რადგან სუს-ს და პროკურატურას არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება, საზოგადოებას უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ ვართ ტერორისტები.“

მას შემდეგ, რაც აუდიოჩანაწერში ხმა მარგოშვილის მეუღლემ ამოიცნო, დაკავებულმა მაჩალიკაშვილთან გაგზავნილი შეტყობინება გაიხსენა. დღეს პანკისში ამტკიცებენ, რომ ხმოვან შეტყობინებაში მარგოშვილი მაჩალიკაშვილს ახმეტის რაიონში სოფელ კუწახტაში ნაყიდი სახლის თანხაზე ელაპარაკება.
მედიკო დუიშვილი, რამაზ მარგოშვილის მეუღლე: „ჩემი მაზლი აგზავნიდა ფულს. ამჟამადაც საფრანგეთში ცხოვრობს. მამისეულ სოფელში უნდოდა ბინა და ერთი წლის წინ იყიდა. თვითონ ესე დაუკავშირდა, რომ 3-4 პირის მონაცემები მჭირდება და ცოტ-ცოტა რომ გადმოეგზავნა“.
ერთ-ერთი ვის ანგარიშზეც თანხა უნდა ჩარიცხულიყო, გურამ ხანგოშვილია.

 

 

თემირლან მაჩალიკაშვილის მეგობარი და რამაზ მარგოშვილის ნათესავი. კუწახტაში, 22 000 დოლარად ნაყიდი 1 521 კვადრატული მიწა და სახლი საბოლოოდ ხანგოშვილზე გაფორმდა.გურამ ხანგოშვილი: რამაზმა მთხოვა, რომ ჩემზე გამეფორმებინა ბინა. მას თავად სოცდახმარება ჰქონდა და ის რომ არ მოხსნოდა. რამაზისთვის უნდა გამოეგზავნა ბიძაშვილს ფული. ჩემს სახელზეც უნდა გადმორიცხულიყო. მაგრამ არ დასჭირდა არც ჩემი და არც, თემირლანის.
ჟურნალისტი: თქვენ ხართ ხომ ვაგზალზე გადაღებულ კადრებში…
გურამ ხანგოშვილი: კი…

გურამ ხანგოშვილი იხსენებს, რომ ვაგზალზე ტელეფონების საყიდლად ის და მაჩალიკაშვილი სეიფულას და აბდულას გაჰყვნენ. მათი ნამდვილი ვინაობა კი არ იცოდნენ…
გურამ ხანგოშვილი: „თბილისში ვიყავით. ტელეფონების საყიდლად შევიარეთ, დავეხმარეთ. მათ ენა არ იცოდნენ, მხოლოდ რუსულად და ჩეჩნურად ლაპარაკობდნენ. წავედით, მათთვის ტელეფონები ვიყიდეთ და ჩვენი გზით წამოვედით, ისინი თავიანთი გზით წავიდნენ.“
ბრზიევი ახლა დაკავებულია. სოლტახმადოვი ნოემბრის სპეცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული. მარგოშვილი ციხეშია, მაგრამ ბრალს არ აღიარებს. სასამართლო სხდომა მომდევნო კვირას გაიმართება, სავარაუდოდ, სწორედ სასამართლოზე წარადგენენ ხმაურიანი საქმის იმ ახალ გარემოებებს, რომელიც მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა. ჩანაწერები, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ეჭვქვეშ აყენებს.
ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული რამაზ მარგოშვილი წარსდგება რამდენიმე დღეში სასამართლოს წინაშე. ის მოსამართლეს მოუყვება, ვინ და რა განსაკუთრებული დავალებით გააგზავნა სირიაში 2016 წელის იანვარში ჩატაევთან მოსალაპარაკებლად. ციხეში მყოფი მარგოშვილი ირწმუნება, რომ სირიაში ის საკუთარი სურვილით არ წასულა და ამ პროცესებს ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი – ხვიჩა ლორია და ირაკლი ჩიმაკაძე. რა თემაზე უნდა გაემართათ მოლაპარაკებები ახმედ ჩატაევსა და მარგოშვილს, უცნობია. მარგოშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სკანდალურ ჩვენებას მარგოშვილი მისცემს მხოლოდ მოსამართლის წინაშე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადვოკატის ამ განცხადებაზე თქვეს, რომ არ არის სერიოზული და საკითხი არ განიხილეს სერიოზულად.
წყარო: „იმედის კვირა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები