რა დოკუმენტებია საჭირო და რა მოწმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების დროს

საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ეტაპობრივად, 2019 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ინსპექტირების ჩასატარებლად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია წარადგინოს:
ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დამოუკიდებლად ირჩევს ინსპექტირების ცენტრს, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. მას ასევე, შესაძლებლობა ექნება, ვებგვერდის (www.pti.ge) საშუალებით, მისთვის ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, დაგეგმოს ვიზიტი, მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით ან მსგავსი მომსახურება მიიღოს ცხელი ხაზის (1484) საშუალებით, ასევე, მიიღოს დეტალური ინფორმაცია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ.
ინსპექტირების დროს, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოწმდება: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭე აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.
საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. პირველი ივლისიდან დაიწყო რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები