სენაკის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

სააგენტოს ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტში, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, კედრის სახეობის 10 ერთეული და კრიპტომერიის სახეობის 7 ერთეული უკანონოდ მოჭრილი ხე ნახეს. ადგილზე აღებული კოორდინატები საკუთრების უფლების დადგენის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა. მათი პასუხის თანახმად, 10 ერთეული კედრის სახეობის ხის ჭრის ქარსაფარი ზოლის ტერიტორია, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის, ხოლო, 7 ერთეული კრიპტომერიის სახეობის ხე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეოს კოლხეთი-ჩხოროწყუს სატყეო უბნის ტერიტორიაზეა მოჭრილი. 10 ერთეული კედრის უკანონო ჭრის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზიანმა 2180,10 ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო 7 ერთეული კრიპტომერიის ხის მოჭრისათვის, გარემოსათვის მიყენებული ზიანი 850 ლარით განისაზღვრა.

ვინაიდან, ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ამ და სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, სამინისტროში მოქმედ ცხელ ხაზზე- 153-ზე გააკეთოს შესაბამისი შეტყობინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები