ადვოკატი: ირაკლი ნოზაძეს კონფლიქტი მოუვიდა ვალის გამო და შესაბამისად, აქედან წარმოიშვა შელაპარაკება

მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ადვოკატმა, ნიკა სადრაძემ ღუდუშაურის კლინიკაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ ნოზაძის თქმით, ამ საქმესთან ნარკოტიკები არაფერ შუაშია. მისი განმარტებით, ირაკლი ნოზაძე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა.

„გამომძიებელს აინტერესებდა, რა მოხდა რეალურად, რა ვითარებაში და როგორ მიიღო დაზიანებები. ირაკლი ნოზაძემ. როგორც დაზარალებულმა, დეტალურად აღწერა როგორ, რა ვითარებაში და ვისი მხრიდან მიიღო ის დაზიანებები, რის გამოც საავადმყოფოში აღმოჩნდა. ნარკოტიკულ საშუალებებზე კითხვა არ დასმულა, თუმცა იყო საუბარი იმაზე, თუ რა ტიპის ურთიერთობა იყო. ირაკლის პოზიციაა, რომ ამ საქმეში ნარკოტიკის თემა არაფერ შუაშია, ამის გამო კონფლიქტი არ მომხდარა. კონფლიქტი მოხდა ვალის გამო და შესაბამისად, აქედან წარმოიშვა შელაპარაკება, რის შედეგადაც ირაკლი ნოზაძემ მიიღო დაზიანებები”, – განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდებულის ჩვენებასთან და ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად, ნიკა სადრაძემ განაცხადა, რომ ნარკოტიკების თემა ამ საქმეში არაფერ შუაშია და ეს ალბათ, ჭორია. მისივე თქმით, ნოზაძემ ფული ისესხა, რომლის დროულად დაბრუნებაც ვერ მოახერხა და ამის გამო მიიღო აგრესია.

“მე არ ვიცი, ბრალდებული რას ამბობს. დაზარალებულის სიტყვებით, ნარკოტიკების თემა აქ არაფერ შუაში არაა. ეს არის ჭორი და ალბათ, ამ საქმის მისტიკური და სკანდალური მხარე. მის მიმართ მომხდარია დანაშაულებრივი ქმედება, ბეწვზეა გადარჩენილი. ბრალდების მხარე ვალდებულია დაადგინოს, ვინაა ამ ქმედებაში დამნაშავე. ამ საქმეს სხვა მხარე არ აქვს საერთოდ. მე ბრალდებულის ნათქვამს და მის ქმედებას ვერ შევაფასებ, რაში დასჭირდა ან ერთის თქმა, ან მომავალში თუ რაიმეს იტყვის, რაში დასჭირდება. დილით ისესხა თანხა პირადი მოხმარებისთვის. ფიზიკურად არ ჰქონდა თანხა ირაკლის და მთელი დღის განმავლობაში, სამოძრაოდ სჭირდებოდა ეს თანხა. საღამოს უნდა დაებრუნებინა. დროულად ვერ მოახერხა დაბრუნება და მიიღო აგრესია”, – განაცხადა ნიკა სადრაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები