მაია მიმინოშვილი: აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის ცვლილების შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაეგზავნათ

„აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის ცვლილების შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაეგზავნათ“, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

მაია მიმინოშვილი განმარტავს, რომ არსებულ ყველა ხერხს მიმართავენ, რათა ინფორმაცია გამოცდების განრიგის ცვლილებებთან დაკავშირებით, აბიტურიენტებს მიაწოდონ.

„ვიყენებთ ჩვენს სოციალურ გვერდს, ვებგვერდსა და ტელევიზიას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ თითოეული მათგანი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას იღებს იმის თაობაზე, რომ განრიგი იცვლება და აუცილებლად ეწვიონ ჩვენს ვებგვერდს. დღეს კიდევ ერთხელ გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, უკვე ინდივიდუალურად, ინფორმაციის მიწოდების მიზნით და ამ შეტყობინებაში მითითებულია, კონკრეტული აბიტურიენტი როდის უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში. თუ თეორიულად მოხდება, რომ ამ ინფორმაციას ის ვერ მიიღებს და ბარათზე მითითებული დროის შესაბამისად გამოცხადდება გამოცდაზე, ეს არ იქნება პრობლემა, რადგან ადგილზე დახვდება საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი და მიაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი გამოცდა გადატანილია და უნდა გამოცხადდეს კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ საათზე“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, რომ აბიტურიენტები გამოცდაზე, შეცვლილი თარიღის მიუხედავად, უკვე მიღებული ან ამობეჭდილი საგამოცდო ბარათებით უნდა გამოცხადდნენ.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, იცვლება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარების დრო. კერძოდ, 2 და 3 ივლისისთვის დაგეგმილი ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე სესია ჩატარდება, შესაბამისად, 4 და 5 ივლისს, დილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები