ბექა ოდიშარია მიწისქვეშა პარკინგზე: მოვუწოდებ ბიზნესსექტორს, გვერდში დაუდგნენ ქვეყანას და თბილისს

საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერის ინიციატივას და ოპოზიიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.
ოდიშარიამ ბიზნესსექტორსაც მიმართა.
„ოპოზიციის შიშველი პოპულიზმი, უსაფუძვლო თავდასხმები და ბრალდებები, როგორც ხელისუფლების, ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და სხვათა მიმართ, სამწუხაროდ, არახალია და ამას საზოგადოება ხედავს, აანალიზებს და სწორედ ამიტომაც ადამიანები სულ უფრო და უფრო ხშირად, და რაც მთავარია სამართლიანად, დისტანცირდნენ ამგვარი ოპოზიციის მოწოდებებისა და ქმედებებისაგან. მათთვის მთავარია, ნებისმიერ წარმატებულ წამოწყებას არ დაერქვას „ქართული ოცნების“ სახელი და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის, ან თუნდაც მასთან ასოცირებული საინვესტიციო კომპანიის. ეს აღარ გვიკვირს, თუმცა დასანანია, რომ თბილისის მერის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს: მერიის მიერ მიწისქვეშა პარკინგზე ინტერესთა გამოხატვას, საპარკინგე ტერიტორიის შესაბამისი ვალდებულებით 1 ლარად გადაცემას – არცერთ კომპანიას არ წარმოუდგენია განაცხადი. მესმის, რომ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება, რაც ამ ბიზნესის რენტაბელურობაზე აისახება. მესმის, განსხვავებით, ”თანაინვესტირების ფონდისაგან” რომელმაც პარკინგის მოწყობის ვალდებულება აიღო, ამ ტიპის ქველმოქმედების ტოლფასი აქტივების განხორციელება საშუალებას მოკლებულია, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიზნესსექტორის და განსაკუთრებით კი დაახლოებული პროფილის კომპანიებს, რომ კიდევ ერთხელ გააანალიზონ ეს პროექტი და გვერდში დაუდგნენ საკუთარ საქმეს, ქვეყანას და თბილისს, რადგან სხვა შემთხვევაში შესაძლოა, მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად კვლავ მუნიციპალიტეტს მოუწიოს სუბსიდირება. უკანასკნელ ექვს წელიწადში ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა რომ გაეთავისუფლებინა ბიზნესი ყველა იმ წნეხისაგან, რომელიც მიუღებელია არამხოლოდ ამ სექტორისთვის, არამედ ზოგადად დემოკრატიული ქვეყნისათვის და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ჩვენს ხელისუფლებას ემადლიერებიან კიდეც ადამიანები, თუმცა ჩვენი ქვეყანა და მისი გული, თბილისი, ვფიქრობ მხოლოდ მთავრობების საზრუნავი არაა და ამ შემთხვევაში, არა როგორც დეპუტატი, არამედ როგორც რიგითი თბილისელი, ვისურვებდი, რომ მეტი ჩართულობა მენახა ძლიერი კომპანიების მხრიდან. მჯერა რომ სწორედ კერძო – საჯარო ინიციატივებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით შეიძლება ავაშენოთ ის ქვეყანა და საზოგადოება, რომელიც გვსურს მომავალ თაობებს დავუტოვოთ”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები