თავდაცვის სამინისტრო ავარიის შედეგად დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპული სამხედროების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლების, გრიგოლ კამანდოს ძე გარაყანიძისა (13.03.1964) და უმცროსი სერჟანტ გაბრიელ ნოდარის ძე გვარჯალაძის (26.08.1974) დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს“,-ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული მსუბუქი ავტომანქანა ŠKODA, რომელსაც სავარაუდოდ გრიგოლ გარაყანიძე მართავდა, თურქეთის რესპუბლიკის კუთვნილ სატვირთო ტრაილერს DAFF-ს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ორივე პიროვნება ადგილზევე გარდაიცვალა.
ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო მსუბუქ ავტომანქანაში მყოფმა ორმა პიროვნებამ. მათგან ერთის – ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლის, უმცროსი სერჟანტ ალექსანდრე აკაკის ძე კახიანის (26.11.1981) ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად ის მოთავსებულია ქალაქ გორში მდებარე სამედიცინო ცენტრში „გორმედი“. პირველადი გამოკვლევებით აღენიშნება თავის ტვინის ჰემორაგიული დაჟეჟილობა და მრავლობითი მოტეხილობები. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხოლო მეორე პიროვნება, გრიგოლ გარაყანიძის შვილი – ირაკლი გრიგოლის ძე გარაყანიძე შპს „გორმედში“ რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ გაიწერა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი პირების ოჯახებს. მათ დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს“,- აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები