ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა საგამოძიებო კომისიაში უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დაცვით ვიმუშაოთ

ჩვენი ვალდებულებაა საგამოძიებო კომისიაში ვიმუშაოთ უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დაცვით”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მმართველი გუნდი, კომისიის ხელმძღვანელობას საპარლამენტო უმცირესობას აბარებს.
“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოიჩინა ძალიან დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ნება, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია. ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მმართველი გუნდი იჩენს ასეთ დიდ პასუხისმგებლობას, ქმნის საპარლამენტო კომისიას და ამასთანავე კომისიის ხელმძღვანელობას აბარებს საპარლამენტო უმცირესობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით რა რისკებთან იყო დაკავშირებული, გადავდგით ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ საპარლამენტო უმცირესობას გამოეჩინა და გამოიჩინოს დიდი პასუხისმგებლობა და ანალიზზე დაფუძნებით იმუშაოს კომისიაში. სამწუხაროდ, რისკები მართლდება, დღეს ჩვენ ვიხილეთ განცხადებები ბატონი კაკო ბობოხიძის მხრიდან, გუშინაც საზოგადოებამ მოისმინა განცხადებები და თავად ის განსჯის, რამდენად სწორია პროკურორის მიმართ ასე ისაუბრო, რომ ის არის ბრიყვი, თავხედი და ასე შემდგომ, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საქართველოს წევრები გამოიჩენენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ანალიზზე დაფუძნებით წარმართავენ საგამოძიებო კომისიის მუშაობას.
“ჩვენი ვალდებულებაა საგამოძიებო კომისიაში ვიმუშაოთ უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დაცვით, მაშინ, როცა დასაკითხია ათობით მოწმე, ადამიანი, რომელიც იყო უშუალოდ მონაწილე. პირები, რომლებმაც რაიმე სახის ინფორმაცია მიიღეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ წინასწარ განწყობებს ვქმნით, ვაფასებთ ამა თუ იმ ფორმით ამ საკითხებს, ეს არის ძალიან სახიფათო, რომელიც არ იქნება სასიკეთო დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის, ამან არ უნდა შექმნას საფრთხე კომისიის დისკრედიტაციისთვის. ჩვენი პრინციპი უნდა იყოს უდანაშაულობის პრეზუმფციის განუხრელად დაცვა და გამოძიების წარმართვა არა წინასწარი შეფასებებით და წინასწარი მოლოდინების შექმნით, არამედ სრულად გაცნობით საქმის მასალების, სრულად გამოკითხვით ყველა იმ პირის, რომელსაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ამ საქმესთან, შემდგომ ანალიზზე დაფუძნებული დასკვნის გამოტანით”,-აღნიშნა უმრავლესობის წარმომადგენელმა.
ანრი ოხანაშვილმა “ევროპული საქართველოს” წევრებს მიმართა, რომ მათ აქვთ შანსი იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები და რომ ეს არ გამორიცხავს კრიტიკულ შეკითხვებს, თუმცა მათი მხრიდან წინასწარი სურათის შექმნა ნეიტრალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საბოლოოდ, არც საგამოძიებო კომისიის სხვა წევრებისთვისაა მისაღები, ვინაიდან კომისიის მუშაობის მიმართ კითხვებს აჩენს.
“მივმართავ საზოგადოებას, ჩვენი მიზანია, რომ ეს საქმე შევისწავლოთ სრულად, როგორც საქმის მასალები, ასევე გამოვკითხოთ ყველა პირი, მიუხედავად თანამდებობისა და თუ გამოიკვეთება რაიმე ფორმით ვინმეს ბრალეულობა, გამოძიება იქნება ვალდებული დაიწყოს წარმოება და მისცეს დადგეს ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი ვინმეს მიუძღვის ბრალი საქმესთან მიმართებაში, რაიმე ფორმით საქმის არასწორად წარმართვაში. ჩვენ კიდევ ერთხელ გვმართებს ანალიზზე დაფუძნებული საქმიანობის წარმოება“-განაცხადა ოხანაშვილმა.
დღემდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 9 პირი, 2 პირი არის ბრალდებული და მსჯავრდებული მკვლელობაში, დანაშაულის დაფარვისთვის 4 პირი, მათ შორის მირზა სუბელიანის ნათესავები და ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2 პირი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედებისთვის ერთი პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები