“მიწისქვეშა პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში, განაცხადი არცერთ კომპანიას არ წარმოუდგენია”

დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიწისქვეშა ავტოსადგომებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხზე განაცხადი არცერთ კომპანიას არ წარმოუდგენია.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ კომპანიებს ეს ტერიტორიები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად უნდა გადაცემოდათ.
„გახსოვთ ალბათ, რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, ეს არის ვაგზლის მოედნის, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც მიწისქვეშა ავტოსადგომები უნდა მოეწყოს იმისთვის, რომ ქალაქში პარკირების პრობლემა ეტაპობრივად დავარეგულიროთ. 22 ივნისს დასრულდა ეს პროცესი და სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვაში არცერთ კომპანიას არ წარმოუდგენია განაცხადი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნეს-აქტივობა საკმაოდ დაბალია. მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ესენია პროექტები, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადაეცემოდათ, თუმცა, ეს ინტერესთა გამოხატვები დადებითი შედეგებით ვერ დასრულდა“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები