ირაკლი კოვზანაძე: პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის მონიტორინგში აუდიტის როლი გადამწყვეტია

„ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მესამე რეგიონულ კონფერენციაზე „ფული პოლიტიკაში“ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს 2012 წლიდან ახორციელებს. კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არსებული მდგომარეობა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების შემოსავლებისა და ხარჯების სახელმწიფო კონტროლი აღნიშნულ არჩევნებზე მიუკერძოებლად, გამჭირვალედ და სამართლიანად განხორციელდა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც დაფიქსირდა.
“მიმდინარე წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აუდიტის სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით, ვინაიდან წინ საპრეზიდენტო არჩევნები გველის”, – განცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს, მაგრამ, ამავე დროს, ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობას მის საქმიანობაზე.
„პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგი საქართველოს პარლამენტის ყურადღების განსაკუთრებული ობიექტია. ჩვენი კომიტეტი თვალყურს მიადევნებს აუდიტის სამსახურის საქმიანობას ამ მიმართულებით და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შედეგები განვიხილოთ როგორც კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის, ასევე საკომიტეტო მოსმენების ფორმატში“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ორდდღიანი რეგიონული კონფერენცია თემაზე – „ფული პოლიტიკაში“ – ეუთოს „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისის“, ევროპის საბჭოს, „დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის“, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“, „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოსა“ და „მულტიპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის“ თანაორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები