Myway Airlines-მა ევროპის მიმართულებით ფრენის უფლება მოიპოვა

ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ევროპის მიმართულებით ფრენების შესასრულებლად ემზადება. მიმართულებებს, რომელსაც ახალი ქართული ავიაკომპანია შეასრულებს, უახლოეს მომავალში დაანონსებს.
არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (TCO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ახალ ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ზე საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა. ავტორიზაციის საფუძველზე, ავიაგადამზიდავის უფლება მიენიჭა ერთი ცენტრალიზებული ნებართვით ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში. ნებართვა ადასტურებს, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი სრულად შესაბამისობაშია საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს სტანდარტებთან. ევროპულ საავიაციო ბაზარზე ოპერირება Myway Airlines-ის კიდევ ერთი მიღწევაა, რომელიც ქვეყნაში ტურიზმის, ეკონომიკის და ავიაკომპანიის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ავიაკომპანია, უკვე წარმატებით ასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბათუმი-თბილისის, თბილისი-ხარკოვი-თბილისისა და ბათუმი-ხარკოვი-თბილისის მიმართულებებით ავიაკომპანიია ასევე სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს ჩარტერულ რეისებს, როგორც თბილისის ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან.
რეგულარულ მიმოსვლას ავიაკომპანია თბილისი-თელავივი-თბილისის მიმართულებითაც იწყებს, რომელიც კვირაში სამი სიხშირით, ორშაბათს ხუთშაბათს და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია საინაუგურაციო რეისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, თელ-ავივის ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს შეასრულებს“,- აცხადებენ კომპანიაში.
სრული მომსახურების მქონე ავიაკომპანიის ავიაპარკი Boeing-737 ტიპის ორი თვითმფრინავით არის წარმოდგენილი, მესამე თვითმფრინავს კომპანია ივლისის დასაწყისში, მეოთხეს კი დეკემბერში დაამატებს.
ემ ეტაპზე ავიაკომპანიაში 150-მდე ადამიანია დასაქმებული, მარშრუტების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. ავიაკომპანია სრულად ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.
Myway Airlines-ის მენეჯმენტს საწყის ეტაპზე განვითარების 3 ეტაპიანი სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში კომპანია რეისებს თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც განახორციელებს. კომპანიის მიზანია, გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ჰაბის ფუნქცია დაუბრუნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები