ეკა ლალიაშვილი: წინა წელთან შედარებით ავტოავარიების მზარდი ტენდენცია შეინიშნება

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის თქმით, ზაფხულის პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობის კიდევ უფრო გააქტიურების ფონზე ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა იზრდება.
როგორც ლალიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი სამზადისი, რათა აღკვეთილ-იქნას მსგავსი შემთხვევები.
„სამწუხაროა, რომ ჩვენ მუდმივად გვიწევს განცხადების გაკეთება გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით. წინა წელთან შედარებით ავტოავარიების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ბოლო დროს გვესმის ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ რომლის მონაწილენი და დაზარალებულები არა ერთი და ორი არამედ ათეულობით ადამიანია. დამერწმუნეთ, მსგავსი შემთხვევა რომ ხდებოდეს პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანაში, რომელიც ზრუნავს საგზაო უსაფრთხოებაზე, აუცილებლად საგანგებო რეჟიმი გამოცხადდებოდა, მოხდებოდა საგანგებო კონტროლი თუ რა ხდება – პრემიერ-მინისტრის სპეციალური დავალება იქნებოდა გაცემული. ჩვენ შემთხვევაში თითქოს ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხდება საგზაო შემთხვევები ვიცით რომ აღიძვრება 276-ე მუხლით და სამწუხაროდ არ ვიცით შედეგები რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს. უხეშად, რომ ვთქვათ ე.წ. საგზაო შემთხვევების სეზონი იწყება, რადგან ზაფხულის პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა უფრო ხშირდება და შესაბამისად ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობაც დიდია. სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი სამზადისი, რომ აღკვეთილი იქნას მსგავსი შემთხვევები“, -განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, აგრესიული, მძღოლების მიმართ კანონი გაცილებით მკაცრი უნდა იყოს.
„დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი კანონი, რომელიც პრაქტიკულად ვერაფერს უშვრება ისეთ აგრესიულ მძღოლებს, რომლებიც წლების განმავლობაში რამდენჯერმე აგრესიულ დარღვევას სჩადიან და ისინი კვლავ რჩებიან მძღოლებად. შეიძლება პირს მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდეს, თუმცა პოლიციამ კიდეც რომ გააჩეროს, მას ადმინისტრაციულ პატიმრობას ვერ შეუფარდებენ და პოტენციური მკვლელი კვლავ ქუჩაში დარჩეს, რადგან შეიძლება კვლავ დაჯდეს საჭესთან და დარღვევა განახორციელოს. ამიტომ, კანონზე გვაქვს სამუშაო, შეგვიძლია გავიზიაროთ უცხოური გამოცდილება – მძღოლებს, რომლებიც მუდმივად არღვევენ, ადმინისტრაციული პატიმრობა უნდა ემუქრებოდეთ“, – აღნიშნა ლალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები