როგორ ამოვიცნოთ მოძალადე ძიძა – ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

თბილისში, ძიძის მიერ 6 თვის ტყუპების ცემის ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასა და შესაბამის ვიდეოკადრებს, საზოგადოებაში დიდი აღშფოთება მოჰყვა.
როგორც ირკვევა, ქალბატონი, ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ, ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა.
სამართალდამცველებმა მოძალადე ძიძა დააკავეს, სასამართლომ მისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა და მას პატიმრობა შეუფარდა.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვმა მოძალადე ძიძის ქმედებების შესახებ სიმართლე გვითხრას, როგორ ამოვიცნოთ მოძალადე ძიძა – ამ და სხვა საკითხებზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის, “სტიმულის“ ხელმძღვანელმა დიანა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა.
„ძიძა ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვი ჩვილია, რადგან მას 1-წლამდე ასაკში უყალიბდება სამყაროსადმი ნდობისა თუ უნდობლობის მომენტი და სწორედ ამ პერიოდში განისაზღვრება ბავშვის ცხოვრებისეული სტრატეგიები – თუ სამყარო არის სივრცე, სადაც ძალადობას აქვს ადგილი, ასეთ შემთხვევაში ბავშვი სამომავლოდ გამოიყენებს თავდაცვით ან აგრესიულ სტრატეგიებს იმისათვის, რომ თავი გადაირჩინოს. შესაბამისად, თუკი ბავშვის აღზრდაში ძიძა მონაწილეობს, უმნიშვნელოვანესია, რომ ის იყოს მზად, დაეხმაროს ბავშვს სამომავლო ცხოვრებისეული სტრატეგიების ჩამოყალიბებაში.
თუ სახლში, სადაც ბავშვია ძიძასთან ერთად, კამერები არ არის დამონტაჟებული და თან ბავშვი ჩვილია, აქ უფრო რთულად არის საქმე – მშობლებმა გაარკვიონ რამდენად კეთილსინდისიერია ან პირიქით მოძალადეა ძიძა. ასეთ შემთხვევაში მშობლებმა ბავშვის ქცევაზე უნდა მოახდინონ დაკვირვება. შეუძლებელია, ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ჩვეულებრივად იქცეოდეს, მას აუცილებლად ექნება დეპრესიის გარკვეული ნიშნები, ასევე ცვლილებები მადის, ძილის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არ არის უტყუარი ნიშნები და მხოლოდ ამ ნიშნებით ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ ძალადობას აქვს ადგილი, თუმცა, ეს შეიძლება პირველი საგანგაშო ნიშანი იყოს. ამასთან, შესაძლოა, თავი იჩინოს გარკვეულმა ჩალურჯებებმა ბავშვის კანზე, თუმცა, შესაძლოა, ჩალურჯება ბავშვის აქტიურობამაც გამოიწვიოს, რაც უფრო იზრდება ის, მით უფრო მეტად ხოხავს, სიარულს ცდილობს, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ შემთხვევაში, კამერის არსებობა ძიძასაც იცავს, რათა მშობელი დარწმუნდეს, რომ ჩალურჯება არა ძიძის ძალადობის, არამედ ბავშვის აქტიურობის შედეგია (მაგალითად, ავეჯს მიარტყა ფეხი, წაიქცა და ა.შ.) ამასთან, ბავშვი ვიდრე მეტყველებას დაიწყებს, მაგრამ უკვე წამოზრდილია, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ რეაგირებს გაშვერილ ხელზე – თუ მისკენ ხელის გაშვერისას, ბავშვი ცდილობს დაიმალოს ან თავი დაიცვას, სავარაუდოა, რომ ეს ბავშვი ფიზიკურ აგრესიას განიცდის და რეფლექტორულად თავდაცვითი მექანიზმი ერთვება“, -განაცხადა დიანა ნიკოლაიშვილმა.
ამასთან, ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის, “სტიმულის“ ხელმძღვანელის განმარტებით, შესაძლოა ბავშვი იმ ასაკში იყოს, რომ უკვე მეტყველებდეს, თუმცა მოძალადე ძიძის შიშით, მშობლებს ვერ უტყდებოდეს, რომ მასზე ძალადობენ.
დიანა ნიკოლაიშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში მშობლებმა სიმართლის დადგენა შემდეგი ხერხით უნდა სცადონ.
„ამ შემთხვევაში ძალიან კარგია, მშობლებმა თამაშით ან ზღაპრების მეშვეობით იმუშაონ ბავშვთან და ამის გაკეთება მშობლებს ფსიქოთერაპევტისგან დამოუკიდებლადაც შეუძლია. ბავშვები ძიძებისგან ქცევის გარკვეულ მოდელებს სწავლობენ. მშობელმა სათამაშოების მეშვეობით შეიძლება ბავშვს ოჯახური სიტუაცია ააწყობინოს და თამაშში თქვას, რომ დედა და მამა მიდიან სამსახურში, ან წვეულებაზე და ბავშვი რჩება ძიძასთან. ყველაფერი გადატანილია სათამაშოებზე, ბევრად უფრო უადვილდება ბავშვს საუბარი იმ ფაქტებზე, რაც რეალურად ხდება ანუ ბავშვი ძიძის როლში ისე მოექცევა სათამაშო – ანუ ამ შემთხვევაში შვილს, როგორც მას ექცევა ძიძა. ხშირ შემთხვევაში, მოძალადე ძიძები ბავშვებს ემუქრებიან, რომ არ გაბედონ და არ მოუყვნენ მშობლებს სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უარესად დასჯით ემუქრებიან, ასეთ დროს, თამაშის ხერხით ბავშვისგან რეალური ვითარების გაგების ალბათობა იზრდება“, – აცხადებს დიანა ნიკოლაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები