გორში თაფლის ახალი საწარმო შენდება

„ქალაქ გორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის ახალი საწარმო შენდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მაღალი ხარისხის, ერთგვაროვანი თაფლი მივიღოთ და საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე.
როგორც მან თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ბიომრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების პოტენციალი აქვს.
„მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა, კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართული იქნებიან სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელებთ. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, ჩვენ მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის, „თაფლის საბჭო“ იქნება კერძო და საჯარო უწყებების ერთობლივი გეგმის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანი გაერთიანება. ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად მუშაობს, მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით.
თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ ბრადბერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, თაფლის სექტორის მრჩეველთა საბჭოს კომიტეტის წევრები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები