ნატახტარის აეროდრომის ტერიტორიაზე, Rallye Aéro France-ის საავიაციო ტურისტული რალის მონაწილეებისათვის მიღება გაიმართება

ნატახტარის აეროდრომის ტერიტორიაზე, Rallye Aéro France-ის საავიაციო ტურისტული რალის მონაწილეებისათვის და მოწვეული სტუმრებისათვის მიღება გაიმართება. ღონისძიების მასპინძელია ავიაკომპანია Service Air და ტურისტული კომპანია Vanilla Sky Georgia. მიღება 24 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება.

მიღებაზე სიტყვით გამოვლენ ნატახტარის აეროდრომის ოპერატორი კომპანიის, ავიაკომპანია Service Air-ის და Vanilla Sky Georgia-ს დამფუძნებელი ამირან მანჯავიძე, Rallye Aéro France-ის ორგანიზატორი ჟან მიშელ კოლინიუ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „საქაერონავიგაციის”, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საფრანგეთის საკონსულოს წარმომადგენლები. დღის გეგმა შემდეგია: 11:30 იწყება საჰაერო ხომალდების მიღება და პარკირება; 14:00 ფურშეტი, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლა.

ინფორმაცია საავიაციო რალის შესახებ:

ავიაკომპანია „სერვისეარის” და ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ Rallye Aéro France-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის უმასპინძლებს. ევროპულმა რალიმ 16 ივნისს საფრანგეთში აიღო სტარტი. დადგენილი განრიგით, სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ბულგარეთის და თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენის შემდეგ, 23 ივნისს,  18 ერთეული მცირე ზომის საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. საჰაერო ხომალდების მფლობელები, პილოტები და მათი თანმხლები ტურისტები საქართველოში ერთ კვირას დაჰყოფენ და ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის მიერ დაგეგმილი ტურის მიხედვით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებენ. რალი მხარდამჭერი უწყებებია: აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და „საქაერონავიგაცია”.

ავიაკომპანია „სერვისეარი” და ტურისტული კომპანია Vanilla Sky აქტიურად უწყობენ ხელს საქართველოში სამოქალაქო ავიაციის პოპულარიზაციას. 2017 წელს ნატახტარის აეროდრომზე ავიაშოუ – Fly Fest Georgia გაიმართა, ხოლო 2016 წელს, ზემოთ აღნიშნული კომპანიების ორგანიზებით, საქართველომ ჰანს გუთმანის სახელობის საავიაციო ტურისტული რალის უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები