ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატს ბრალდებულების ჩვენებების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ორივე ბრალდებულის ჩვენებები იყო ერთმანეთისგან განსხვავებული, თანხვედრაში არ იყო, რაც სასამართლომ აღნიშნა, – ასე გამოეხმაურა ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი იზო მაღლაკელიძე, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატ მამუკა მდინარაძის მიერ დასმულ კითხვას.

მდინარაძემ ადვოკატს შემდეგი კითხვით მიმართა: ბრალდებულებმა 6 თვის მერე გადაწყვიტეს, მიეცათ ჩვენებები. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი ჩვენებები იყო და თუ იყო, რატომ, ან თუ არ იყო, რატომ?

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ორივე ბრალდებულის ჩვენებები იყო ერთმანეთისგან განსხვავებული, თანხვედრაში არ იყო, რაც სასამართლომ აღნიშნა. აქედან გამომდინარე, რაღაც ნაწილში ვენდოთ და რაღაც ნაწილში არა, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი მიდგომა. ვფიქრობთ, რომ არ იყო მათი ჩვენება გულწრფელი და რატომ: ისინი 6 თვის მანძილზე ინარჩუნებდნენ დუმილს. თუმცა, ერთ-ერთი ბრალდებულის გ. ბ.-ს ჩვენება ფარული წესით იყო ჩაწერილი გამოძიების მიერ. ფარულ ჩანაწერში ის ისეთი ემოციით აღწერს, ანუ გ. ბ. ამბობს ფარულ ჩანაწერში, როგორ გაასხა დათო სარალიძის ფეხიდან სისხლმა. ეს შეუძლებელია, ვინმეს მოყოლით გადმოცემული ემოცია იყოს, იმიტომ, რომ ბავშვის ემოცია სხვა არის მაინც და ამ საუბარში ისე ყვება, რომ ეს მას პირადად აქვს დანახული. ჩემი შეფასებით, ყოველ შემთხვევაში. თუმცა, შემდეგ ის ჩვენება, რაც მას ჰქონდა მიცემული ფარულ ჩანაწერში, აღარ დაადასტურა სასამართლოში. ესეც იწვევს იმის ეჭვს, რომ ის არ იყო გულწრფელი და მისი ჩვენება არ ემთხვეოდა გ. ჯ.-ს ჩვენებას. ასევე, ხაზგასმა მინდოდა, რომ 6 თვე ინარჩუნებდა დუმილს ორივე ბრალდებული და ელოდებოდნენ ბოლომდე, ვინ რა ჩვენებას მისცემდა. სწორედ იმ პირთა მიმართ მისცეს მათ ჩვენება, რომლებმაც ისინი ამხილეს და რომელთან შეხება ჰქონდათ ფარდულის ეპიზოდთან. აქედან გამომდინარე მიჩნდება უნდობლობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები