სინოდი მიიჩნევს, რომ კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკო-ვაჭრობის ლეგალიზებაა

“როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც, ფაქტობრივად, ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ სინოდის ოქმშია ნათქვამი.

სინოდის აზრით, ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს რაც ყოვლად მიუღებელია.

“ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება, დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტობრივად, ნარკო-ვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან და სახელმწიფოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმასთან (რაც ადრე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშიც დაფიქსირდა):

ა) ქვეყანაში დროულად უნდა შეიქმნას სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ.

ბ) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია-საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

გ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ ახალგაზრდებმა გააცნობიერონ რას უქადის მათ ჯანმრთელობას ნარკოდამოკიდებულება და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;

დ) გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებასთან მიმართებაში; ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

ე) ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი”, – აღნიშნულია ოქმში.

ასევე, სხდომაზე წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ და დადგინდა, რომ უნდა შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები