კახა კალაძე: არავინ გაბედოს ნაცნობობით ბაღში ბავშვის დარეგისტრირება, ამისათვის არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბაღებში რეგისტრაციის დაწყების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არავის უნდა ჰქონდე იმის საშუალება, ბაღში ბავშვი ნაცნობობით დაარეგისტრიროს.
მისივე თქმით, ამისათვის არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. “ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მინდა თქვენი საშუალებით გავაფრთხილო ყველა, რომ არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბავშვების რეგისტრაცია მოხდეს ვიღაცის დახმარებით, ნაცნობობით. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მინდა პირდაპირ ვუთხრა: არავინ გაბედოს არც სააგენტოში და არც მერიაში, ვინმეს პროტექციონიზმის განხორციელება. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა გამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ამისათვის არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიყოთ მართალი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ვიღაცას მერიაში ჰყავდეს ნაცნობი, ვიღაცას საკრებულოში და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება. მე ამ პრინციპებით მოვდივარ და ნამდვილად ვერ ვუღალატებ იმას, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ. შესაბამისად, არავის მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები დაიჩაგრონ, ვისაც მინისტრი ან სხვა თანამდებობის პირი ნაცნობი არ ჰყავს. ყველა ბავშვი, ჩემი თუ სხვისი – არის ერთი და იგივე და მათი უფლებებისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე. ადამიანებს ჩემი იმედი აქვთ და საზოგადოების ჩემდამი ამ დამოკიდებულებას ძალიან ვუფრთხილდები. ამიტომ, არავინ გაბედოს რაიმე ნაბიჯის არასწორად გადადგმა,”- განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის, საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები