საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ იწყება

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხვალიდან მშობლებს თავიანთი შვილების დარეგისტრირება ვებ-გვერდ www.kids.org.ge-ზე შეეძლებათ. მისივე ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, ბაღებში 3 000 ადგილით მეტია და დაახლოებით 15 000 აღსაზრდელზეა გათვლილი.
“22 ივნისს 12:00 საათზე ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება. ხვალიდან ეს იქნება საყოველთაო რეგისტრაცია, ყველა მშობელს 12:00 საათიდან შესაძლებლობა ექნება ვებ-გვერდზე www.kids.org.ge დაარეგისტრიროს თავისი ბავშვი. ადგილების რაოდენობა დაახლოებით 15 000-ია. წინა წელთან შედარებით 3 000 ადგილით მეტი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ვხსნით ახალ ბაღებს. სექტემბრიდან 9 ახალი ბაღი და ორი დამატებითი კორპუსი გაიხსნება სხვა ბაღებისთვის.
ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 3000-ზე მეტი ბავშვი. გარდა ამისა, ვცდილობთ, განვტვირთოთ ჯგუფები​, ახალი ბაღების მშენებლობაც სწორედ ამას ემსახურება”, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 18 ივნისს დაიწყო. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გადიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილებიც იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით სარგებლობენ, ასევე, 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები