მარიამ ჯაში: განათლების სისტემაში დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის ინიციატივა სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო რეკომენდაციებთან

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა მამუკა ბახტაძეს ინიციატივისათვის, რომელიც განათლების დაფინანსების კუთხით უპრეცედენტო მასშტაბით გაზრდას ითვალისწინებს. მისი განცხადებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთვება აღნიშნულ განხილვებში.

მარიამ ჯაშმა ისაუბრა განათლების სისტემაში რესურსების მნიშვნელოვანი ზრდის აუცილებლობაზე, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში რეალურად მოხდეს ფუნდამენტური ცვლილებები, რამეთუ დღეს არსებული დაფინანსება არ არის საკმარისი. ის რომ მთავრობის ხედვა განათლების რეფორმასა და დაფინანსების ზრდასთან დაკავშირებით არის თანხვედრაში მთავარ საერთაშორისო პლატფორმებთან და რეკომენდაციებთან. რაც გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნებს და კონკრეტულ ამოცანებს. ასევე, წელს მსოფლიო ბანკმა პირველად, თავისი ფლაგმანი პუბლიკაცია – ყოველწლიური ანგარიში განათლების სისტემის გამოწვევებს და ხარისხობრივი რეფორმის აუცილებლობას მიუძღვნა.

დამატებით დაფინანსებასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევებით – განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლების ხარისხობრივ გაუმჯობესებას. სწორედ ხარისხი ხდება გადამწყვეტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნისთვის. სწორედ ხარისხიანი განათლება უზრუნველყოფს იმ ადამიანურ კაპიტალს, რომელიც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისა და სტაბილურობისათვის არის მნიშვნელოვანი.

„აბსოლუტურად გეთანხმებით იმ ხედვაში, რომ საქართველო უნდა მიუახლოვდეს საერთაშორისო რეკომენდაციებს – მშპ 6%-ის უზრუნველყოფით განათლების სისტემაში და მეცნიერების მშპ 1%-ის გარანტირებული დაფინანსებით. აქაც, ვფიქრობ, ეტაპობრივი მიდგომა დაგვჭირდება, რომ დაფინანსების ზრდა სისტემაში ხარისხის გარანტიების გაუმჯობესების პარალელურად მოხდეს”, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ჯაშმა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ და, ამავდროულად, ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა, როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსების დამატებითი უზრუნველყოფის, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე ინოვაციური დაფინანსებისა თუ საგრანტო რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით.

მან გააჟღერა 5 მიმართულება, დამატებითი დაფინანსებისათვის განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში.

1. ზუსტი მეცნიერებების სწავლება ლაბორატორიებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით;

2. სახელოვნებო განათლება როგორც სკოლებში ასევე არა-ფორმალური განათლების სისტემაში;

3. სპორტული განათლება;

4. ინკლუზიური განათლება განათლების ყველა საფეხურზე;

5. მასწავლებელთა კორპუსის მოტივაციის გაზრდა – როგორც ფინანსური ანაზღაურების, ასევე არამატერიალური მოტივაციის მექანიზმების დანერგვით.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებს წარმატებული თანამშრომლობისა და აქტიური კონსულტაციებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შემდგომი თანამშრომლობაც იქნება ასევე წარმატებული და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ სრულ თანადგომას, როგორც ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების, ასევე დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაციის მიმართულებით.”- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები