დავით დონდუა: რუსებს ტატუნაშვილის საქმეზე პასუხები არ აქვთ და შეტევაზე გადადიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დავით დონდუა აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის ფარგლებში, ქართულმა მხარემ რუსულს არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნა გადასცა.

დონდუას განცხადებით, ქართულმა მხარემ რუსებისგან მოითხოვა შეკითხვებზე პასუხი თუ რის გამო გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რაზეც დონდუას თქმით, რუსული მხარის “ძველი, ცნობილი და არაფრისმთქმელი რიტორიკა” მოისმინეს.

“თუ ამბობენ, რომ ეს იყო გულის შეტევით გარდაცვალება და არა მკვლელობა, მაშინ სად არის გული, სად არის ორგანოები, რომელთა ექსპერტიზითაც უნდა დადგინდეს რეალური მიზეზი. როცა ამ კითხვებზეც ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, ეს კითხვები პირდაპირ დავუსვით მოლაპარაკების მონაწილეებს რუსეთიდან. ექსპერტიზა ჩატარდა რუსეთის ტერიტორიაზე და ცხადია, რომ დასკვნა, რომელიც ცხინვალმა მოგვაწოდა არის რუსი ექსპერტის მიერ დაწერილი. დავსვით კონკრეტული კითხვა. თუ ეს იყო გულის შეტევა, მაშინ სად არის გული, თუ ეს იყო ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მაშინ სად არის ღვიძლი, თუ ეს იყო ჩაქცევა, მაშინ სად არის ტვინი. მოვისმინეთ დადანაშაულება ზედმეტ ემოციებში და საკითხების ზედმეტად პოლიტიზებაში. რასაც აკეთებენ რუსები, სწორედ ესაა პოლიტიზება. ძალიან კონკრეტულ კითხვებზე არ აქვთ პასუხი და გადადიან შეტევაზე. მთელი დღე ამაზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, შინაარსიანი პასუხი ვერ მივიღეთ“, – განაცხადა დავით დონდუამ.

დღესვე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, სადაც ის ცხინვალიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები